27.02.2014

სერგო
სერგო მელიქიძე ...…
კიდევ ერთი ნიჭიერი და გულიანი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან, კაცი, რომელმაც თავისი ცხოვრება სინდის - ნამუსით, სანიმუშო, მისაბაძი გზით იარა და არამარტო ოჯახს, არამედ ჩვენს უნივერსიტეტს და მთლიანად საქართველოს დააკლდა. 10 აპრილს 71 წლის გახდებოდა...…

… ბატონი სერგო 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, იგი მუშაობდა ჩვენს უნივერსიტეტში დაარსებიდან დღემდე და ცხოვრების ბოლო წლები მის განვითარებას, სტუდენტების აღზრდას მოახმარა, რასაც ქართული ენისა და ლიტერატურის ღრმა ცოდნით, თავისი განუმეორებელი სიმშვიდით, თავდაბლობით, დიდი შემართებითა და სიყვარულით აკეთებდა.

ბატონმა სერგომ სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა 1973 წელს დაიწყო. 1973-2006 წლებში თსუ ონომასტიკის ლაბორატორიაში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 1990-2014 წლებში თსუ მესხეთის ფილიალის (ამჟამად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ფილოლოგიის ფაკულტეტის პროფესორია სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. მან თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში არაერთი თაობა აღზარდა და აზიარა ქართული ენისა და ლიტერატურის სიღრმეებს, მისი წაკითხული ლექციები დღემდე ახსოვთ და ემახსოვრებათ სტუდენტებსა თუ თავის კოლეგებს. ბატონ სერგოს ღვაწლი და თავდადება დააფასა საქართველოს მთავრობამ და 2000 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი. 2013 წელს კი კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის~ პრეზიდენტმა, ზურაბ ჩხაიძემ ,,ქართული სულის~ სიმბოლური გამოსახულებითა და ოქროს მედლით დააჯილდოვა მესხეთში მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებები და მათ შორის ბატონი სერგოც.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები დიდი გულისტკივილით ვეთხოვებით ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სერგო მელიქიძეს და თანავუგრძნობთ მის ოჯახს.

სამოქალაქო პანაშვიდი