16.04.2014

DSCF13032014 წლის 6-13 აპრილს, ვილნიუსისა და რიგის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, TEMPUS -ის (DIMTEGU) საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, ჩატარდა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებში, სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით დისტანციური სწავლების - Moodle Platform -ის დანერგვას -ბილინგვური სკოლის მასწავლებლის მომზადების პროგრამისთვის. საქართველოდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო უკრაინიდან ლვოვის, დნეპროპეტროვსკის და ყირიმის უნივერსიტეტები.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: პროფესორი თინა გელაშვილი - პროექტის მენეჯერი , პროფესორი რევაზ ზედგინიძე -უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, IT სპეციალისტი , პროფესორი ლელა წითაშვილი - IT სპეციალისტი და ნინო ზუმბაძე - ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრები ვილნიუსის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან , რიგის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ინა დრუვიტთან , ვილნიუსისა და რიგის უნივერსიტეტების ვიცე- რექტორებთან, რომლებმაც ისაუბრეს უმაღლესი განათლების სისტემაზე ლიტვასა და ლატვიაში. შეხვედრა შედგა სახელმწიფო ენის სწავლების სააგენტოში, სადაც მისმა ხელმძღვანელმა პროექტის მონაწილეებს გააცნო ყველა ის მეთოდოლოგია, რომლსაც იყენებენ ბილინგვურ სკოლებში. რიგის უნივერსიტეტში, პროექტის მონაწილეებს შეხვდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში ბატონი თეიმურაზ ჯანჯალია.
პროექტში მონაწილეებმა დაათვალიერეს ლატვიის რამდენიმე სკოლა, სადაც დაესწრნენ გაკვეთილებს და გაეცვნენ ბილინგვური სკოლის პრაქტიკული მუშაობის სპეციფიკას.