16.04.2014

gamofena 28 აპრილს, თბილისის ფილარმონიის შენობაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, გაიმართა ფესტივალი – „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ .
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელმა 30-მდე დაწესებულებამ, რომელთა შორის იყვნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლებლები. ფესტივალის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისთვის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი პროგრამების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ფესტივალში მონაწილეობდნენ დასაქმების ხელშემწყობი სააგენტოს წარმომდგენლები (jobs.ge, hrpg.ge, hr.com, hrpartners.ge).
ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ადგილზე გაევლოთ რეგისტრაცია მათთვის სასურველ პროგრამებზე, გაცნობოდნენ პროფესიული ტესტების ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და მოესმინათ მათი პრეზენტაციები.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებმა, ფესტივალზე წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა, სადაც მაქსიმალურად იყო წარმოდგენილი ის ნიმუშები, რომლის შექმნასა და მომზადებასაც ეუფლებიან სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე.
ფესტივალის მიმდინარეობისას გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობის დროს, ჩვენი სტუდენტების მიერ ხელით შექმნილმა სამოსმა მოწონება და დადებითი შეფასება დაიმსახურა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტების ფესტივალზე გამგზავრებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები ანა კალაიჯიშვილი და ბექა კოპაძე.
ფესტივალის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე გაეცნენ.gamofena1