20.04.2015

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, როგორც უნივერსიტეტის მართვის ორგანო, საჭიროდ მიიჩნევს, საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც შეეხო ქალბატონი ლალი მოროშკინა 2015 წლის 18 მარტს ერთ-ერთი სატელევიზიო მაუწყებლის ეთერში.

მაყურებლისთვის უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის ნაწილი, სამწუხაროდ, არ შეესაბამება სიმართლეს, ნაწილი კი სერიოზულად დამახინჯებულია. ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია მოსაზრებები, რომლებიც შეურაცხყობს სამცხე-ჯავახეთში მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებას - სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ასრულებდა და დღესაც ასრულებს სერიოზულ როლს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში.

საზოგადოებისთვის, რომელსაც კარგად ესმის უნივერსიტეტის დანიშნულება, ფუნქცია, განვმარტავთ, რომ:

1. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს არ „სძინავს“, ვითარება არა „სტაგნაციური“, არამედ უპრეცენდენტოდ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებულია. უნივერსიტეტის წარმატება აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 2014 წლის 27 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ასოციაცია ,,OTHERWAIS“-მა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც საუკეთესო მენეჯმენტისა და პრესტიჟის მქონე ორგანიზაცია, დააჯილდოვა „ოქროს დელფინით’’. მიზეზი კი ის ცვლილებებია, რომლებიც 2012 წლიდან მიმდინარეობს სასწავლებელში:
• სასწავლო უნივერსიტეტმა აიმაღლა სტატუსი, გარდაიქმნა სახელმწიფო უნივერსიტეტად, მოიპოვა დოქტორანტურის საფეხურზე პროგრამების განხორციელების უფლება;
• ამოქმედდა სამი სადოქტორო პროგრამა, შემუშავდა ახალი პროგრამები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურისათვის;
• მიმდინარე სასწავლო წლიდან სამ პროგრამაზე (ისტორია, ქართული ფილოლოგია, ეკონომიკა) სტუდენტები ისწავლიან სახელმწიფო დაფინანსებით;
• გაიზარდა ხელფასი როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალისთვის;
• ახალქალაქში დაიწყო სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სარემონტო სამუშაოები;
• დაარსდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სტიპენდია, გაიზარდა წარჩინებულ სტუდენტთა რიცხვი;
• უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა ყოველდღიურად სასწავლო პროცესის სრულყოფის საკითხებს, სწავლების ხარისხის ამაღლებას, სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე ზრუნვას და ა. შ.

2. უნივერსიტეტის ახლანდელ ხელმძღვანელობას არ გაუთავისუფლებია სამსახურიდან რესპონდენტის მიერ დასახელებული არცერთი პიროვნება.

ქალბატონ ცირა მესხიშვილს წინა ხელმძღვანელობის დროს, ჯერ კიდევ 2011 წლის 1 სექტემბერს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება როგორც განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს (ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება №29/01, 01.09.2011).
ბატონმა გიგლა გობეჩიამ, რომელიც 2013 წლის თებერვალში მონაწილეობდა ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, დაარღვია საკონკურსო პირობები, შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოცხადებული თანამდებობა დაეტოვებინა ვაკანტურად ( საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი №1, 16.03.2013) .

3. რესპონდენტს არ მიუმართავს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი არც წერილობით და არც სხვა ფორმით.

იგი სატელევიზიო გამოსვლამდე 18 მარტს ქალბატონ თინა გელაშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტის „TMPUS-DO-IT“ ფარგლებში შეხვდა უნივერსიტეტის სტუდენტებს.

4. „წლები“, რომელიც ლალი მოროშკინამ გაატარა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობაში, შემოიფარგლება მხოლოდ ოთხი თვით:

2010 წლის 1 მარტიდან (ბრძ. № 1/28, 1.03.2010) მოწვეულ იქნა საათობრივი ანაზღაურების წესით განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. პარალელურად მიღებულია სახელშეკრულებო პირობებით საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტად (ბრძ.№ 1/30, 1.03.2010). ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით შეუწყდა ხელშეკრულება (ბრძ.№1/56, 1.07.2010 წლის).

2010 წლის მარტში, წინა ხელმძღვანელობის დროს ქალბატონი ლალი მოროშკინა მონაწილეობდა ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა კომისიის დასკვნით მან ვერ გადალახა კონკურსისათვის დადგენილი ქულების მინიმალური ზღვარი (საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი №1, 18.04.2010), შესაბამისად, ის არასოდეს ყოფილა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. მით უმეტეს ვერ იქნებოდა 2011 წელს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რადგან ასეთი უნივერსიტეტი არ არსებულა ( იხ. მისი „წიგნი უSEXობა პატარა ქალაქში“) და არც ასეთი პროფესორი გვყოლია.

რესპონდენტი ინტერვიუს დროს არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში უნივერსიტეტი ყვაოდა, ხელისუფლების შეცვლამ კი სრული სტაგნაცია გამოიწვია. სავარაუდოდ, ამგვარი ალოგიკური განცხადებები განაპირობა იმან, რომ ქალბატონ ლალი მოროშკინას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია უნივერსიტეტის მისამართით გამოთქმული ბრალდებები, საზოგადოებას აწვდის ზუსტ ინფორმაციას მცდარი ფაქტების შესახებ და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მიუდგნენ ნებისმიერ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას.


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის


აკადემიური საბჭო