01.06.2015

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ცეცხლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ბათუმში აინთო. პირველად ცეცხლს საზეიმოდ ბათუმმა უმასპინძლა. ესტაფეტა სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყო. მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 700-მდე მეჩირაღდნე იღებს მონაწილეობას. მეჩირაღდნეებად რეგიონის ღვაწლმოსილი, ცნობადი სახეები არიან შერჩეული, რომელთაც თავიანთი წვლილი შეიტანეს მშობლიური მხარის განვითარებაში. ოლიმპიური ცეცხლის მარშუტი, საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტსაც მოიცავს. იგი მთელ ქვეყანას მოივლის. ესტაფეტის დასასრულს, ბოლო ოთხი დღე, ცეცხლი ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილას, უშგულში, სვანურ კოშკში დაიდებს ბინას, შემდეგ კი თბილისში წააბრძანებენ. საქართველო 34-ე ქვეყანაა, სადაც ოლიმპიური ცეცხლი იქნება ნამყოფი. ოლიმპიურ ჩირაღდნებზე, ქართული იდენტობის გამომხატველი ორნამენტებია გამოსახული, რაც ყველას შეახსენებს, რომ ჩვენი ქვეყანა უძველესი ვაზისა და ღვინის ქვეყანაა.
ნიშანდობლივია, რომ ოლიმპიური ჩირაღდანი გარკვეულ დისტანციაზე, სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლე მართა ჯვარიძესთან ერთად ატარა.
მერაბ ბერიძე: მოგესალმებით. საქართველო და მესხეთი, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით მის გულში, ახალციხეში, ოდითგანვე ცნობილი იყო თავისი სპორტულობით. მე-19 საუკუნეში, არაერთი მკვლევარი იკვლევდა ახალციხის გარშემო ისტორიულ თამაშობებს, რომელთაც ევროპა და მაშინდელი მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებს ეძახდა. აქვე, ჩვენს ახლოს, ჩვენი ციხის გვერდით, ყველაზე მთავარი მოედანი იყო, რომელსაც საჯირითო მოედანი ერქვა. ამ ტიპის მოედნებზე ჩვენი ახალგაზრდები იწრთობოდნენ. ჩვენი ქალაქი ახალგაზრდული ქალაქია. ჩვენი დღევანდელი აუდიტორია, ახალგაზრდულია. ეს სწორედ იმიტომ, რომ ახალციხე დღეს სტუდენტური ქალაქია, ეს იმიტომაც, რომ დღეს, სტუდენტები თავის სიტყვას ამბობენ ახალციხეში. მინდა მოგილოცოთ ის დიდი ბედნიერება, რასაც ოლიმპიური სიკეთე ჰქვია, ოლიმპიური ურთიერთობები ჰქვია ამ ქვეყანაზე. დარწმუნებული ვარ, საქართველო სამომავლოდ უფრო დიდ ოლიმპიადებს უმასპინძლებს. ღმერთმა გაგიმარჯოთ.
 ,,დიდი პატივია ჩემთვის ასეთი დიდი სტატუსის ადამიანთან ერთად სიარული. პირველად ჩამოდის ეს ცეცხლი საქართველოში და ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ამისი მონაწილე გავხდი." აღნიშნა მართა ჯვარიძემ, მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლემ.

olimpiuri cecxli6  olimpiuri cecxli2  olimpiuri cecxli3 olimpiuri cecxli4 oplimpiuri cecxli5