12.10.2015

2015 წლის 9 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა დაასრულა სამდღიანმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ თემაზე: „ასტრონომიის თანამედროვე პრობლემები“. შემაჯამებელ სხდომაზე მონაწილეებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი კონფერენციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრა საქართველოში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა. გამოითქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ კონფერენცია იქცეს ტრადიციად და გაიმართოს ყოველი წლის შემოდგომით. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ აღუთქვა მონაწილეებს, რომ გამოიცემა კონფერენციის მასალები კრებულის სახით. ასევე ხაზი გაუსვა მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობას აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან. მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივა, როგორც სამაგისტრო, ისე სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში. მეცნიერები დადებითად შეხვდნენ საეთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის გამოცემის იდეას.
კონფერენცია გაიმართა ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით. როგორც ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი მესხმა აღნიშნა, მომავალი შეხვედრა იქნება კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და ყურადღება გამახვილდება ახალგაზრდა პროფესიონალებზე.
ასტრონომებმა განსაკუთრებული პატივისცემით გაიხსენეს პროფესორ ვიქტორ ჯაფიაშვილის დამსახურება, რომელმაც პირველმა დაიწყო მთვარის შესწავლა ელექტრო-პოლარიმეტრული მეთოდით, გამოსცა მონოგრაფია და მთვარის პოლარიმეტრული ატლასი (პირველად მსოფლიოს სამეცნიერო ისტორიაში). კონფერენცია დასრულდა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის პრეზიდენტის ქ-ნ სილვია ტორეს-პეიმბერტისადმი მიმართვით, რათა უახლოეს სხდომაზე აღიძრას შუამდგომლობა მთვარის ერთ-ერთი უსახელო კრატერისთვის ვიქტორ პეტრეს ძე ჯაფიაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე.

astsh1 astsh2 astsh3 astsh4 astsh5 astsh6