16.10.2015

2015 წლის 15 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ქართული ენის კაბინეტში გაიმართა სამეცნიერო გულანის სხდომა. მოხსენება თემაზე: „არეოპაგიტული მოძღვრება სიკეთისა და ბოროტების შესახებ, როგორც „ვეფხისტყაოსნისკომპოზიციის ერთ-ერთი საფუძველი“, წაიკითხა პროფესორმა ნესტან სულავამ.
„ვეფხისტყაოსნის“ კომპოზიციის წრიულობა მრავალი ეპიზოდითა და კომპონენტით წარმოჩნდება. ერთ-ერთია არეოპაგიტული მოძღვრება სიკეთის არსებობისა და ბოროტის უარსობის შესახებ. „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის განვითარების საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური საფუძველია არეოპაგიტული მოძღვრების ერთ-ერთი ძირითადი დებულება, რაც პოემის კომპოზიციას განსაზღვრავს და წარმართავს. კომპოზიციური თვალსაზრისით, სიკეთისა და ბოროტების მიმართების არეოპაგიტული სიბრძნე უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან პოემის დასაწყისში თინათინის მიერ დასმულ კითხვას კეთილის მარადიულობისა და ბოროტის უარსობის შესახებ - „ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?“ - პოემის დასასრულს პასუხი ისევ ბიბლიურ-ევანგელური სწავლებისა და არეოპაგიტული სიბრძნის საფუძველზე ავთანდილმა გასცა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ (1361). სიკეთის მარადიულობისა და ბოროტების უარსობის არეოპაგიტული მოძღვრებით თინათინისა და ავთანდილის სულიერი ერთიანობაა წარმოდგენილი, რაც ამ პერსონაჟთა სახე-ხასიათების გახსნას ემსახურება. შოთა რუსთველის პოემის პერსონაჟთა ჰარმონიულობა, ჰარმონიული შეხამება ის იშვიათი მთლიანობაა, რაც იმ დროისა და უფრო გვიანდელი ეპოქის აღმოსავლურ და დასავლურ ლიტერატურულ ტრადიციებში არ შეინიშნება. ეს ფაქტი პოემის კომპოზიციის ერთ-ერთ საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ“ - განმარტა მომხსენებელმა. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, გაიმართა დისკუსია.

gulani151 gulani153 gulani154