13.11.2015

2015 წლის 12 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გულანის გაფართოებული სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც „გულანელი“ მეცნიერები, ასევე სხვა მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრანტები და დოქტორანტები. სხდომა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით მიმდინარე „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში და ასევე ეძღვნებოდა უნივერსიტეტის 25 წლის იუბილეს.
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა უნივერსიტეტის რექტორმა, „გულანის“ რედაქტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ. მან გაიხსენა „გულანის“ წარმოშობის ისტორია ძველი ლიტერატურული საღვთისმეტყველო ცხოვრებიდან და აღნიშნა, რომ ამ სახელწოდების კრებულს ოდითგანვე საგანგებო დანიშნულება ჰქონდა. ბატონმა მერაბმა გაიხსენა ის წინა პირობები, რომელიც ამ სამეცნიერო კრებულის დაარსებას უძღოდა წინ, კერძოდ ბესარიონ ჯორბენაძის მიერ გამოქვეყნებული ორი კრებული, რომლებმაც განაპირობეს „გულანის“ წოდების მინიჭება სამეცნიერო სხდომებისთვის და შემდეგ კი კრებულისთვის.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წლის I სემესტრიდან დაიწყო სამეცნიერო სხდომები, 2008 წლიდან კი გამოვიდა პირველი სამეცნიერო კრებული „გულანის“ სახელწოდებით. უკვე გამოცემულია 17 ნომერი და დასაბეჭდად მზადაა უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილი მე-18 ნომერი.
„გულანს“ აქვს საინტერესო რუბრიკები, რომლებიც ძირითადად განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მენიერებათა მიმართულებების სამეცნიერო სტატიებს აქვეყნებს. სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან შემოსული სტატიები კიდევ უფრო მეტად ამდიდრებს „გულანს“. მან უკვე საკუთარი ნიშა დაიკავა სამეცნიერო სივრცეში.
ბატონმა მერაბ ბერიძემ გაიხსენა „გულანის“ სარედაქციო საბჭოს წევრი, პროფესორი ვალერი სილოგავა და მისი დიდი ღვაწლი. მან მადლობა გადაუხადა ,,გულანელებს“, უსურვა წარმატებები და აღნიშნა, რომ კრებული მომავალში ითავებს სხვადასხვა მიმართულების რუბრიკების დამატებასაც.

gulaniiii gafgu1 gafgu2 gafgu3 gafgu4 gafgu5