11.12.2015

2015 წლის 10 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნაში. კონკურსს წინ უძღოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შორის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეროვნული კულტურული ფასეულობების დაცვას და პოპულარიზაციას. ამის შემდეგ, ღონისძიება გაგრძელდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის რუსთაველის სახელობის სომხური სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა, აგრეთვე უნივერსიტეტის დიზაინის მიმართულების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენით. გამოფენა იყო თემატურად წარმოდგენილი, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონკურსის მესამე, დასკვნითი ნაწილი გაიმართა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, რომელიც გაიხსნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის რუსთაველის სახელობის სომხური სკოლის მასწავლებელის, ქალბატონ ნანული მიხანაშვილის და მოსწავლეეების გამოსვლით. მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა სტრიქონები „ვეფხისტყაოსნიდან“ ქართულ და სომხურ ენებზე, აგრეთვე სხვადასხვა ცნობილი ადამიანების გაკეთებული შეფასებები „ვეფხისტყაოსანზე“, ეს ყველაფერი კი წარმოდგენილი იყო მეტად საინტერესოდ, როგორც გაკვეთილი „.ვეფხისტყაოსანზე“ .
კონკურსში მონაწილეობდა სამი კონკურსანტი: ანრო ცირეკიძე, თემურ ხუციშვილი და ზემფირა ვუმბერიძე. კონკურსანტებს აფასებდნენ წინასწარ შერჩეული ჟიურის წევრები. ჟიური შედგებოდა უნივერსიტეტის პროფესორებისგან, რომელსაც ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე. საკმაოდ დიდი და დაძაბული პაექრობის შემდეგ, გამოვლინდა ორი გამარჯვებული, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება შეუძლებელი გახდა. მსჯელობის შემდეგ ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორივე კონკურსანტი გახდა პირველი ადგილის პრემიის მფლობელი. პრემია განსაზღვრული იყო 1000(ათასი) ლარით.
მესამე კონკურსანტს, ზემფირა ვუმბერიძეს გადაეცა მადლობის სიგელი კონკურსში მონაწილეობისათვის. სიგელები ასევე გადაეცათ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის რუსთაველის სახელობის სომხური სკოლის მასწავლებელებს და მოსწავლეეებს.
კონკურსი იყო მეტად ემოციური, დაძაბული და ძალიან საინტერესო. 10 დეკემბერი, უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთერთი დასამახსოვრებელი დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ იმ მაღალი სულიერი ღირებულებების მატარებელი საუნჯეა, რითაც ყოველთვის იამაყებს ქართველი ერი.

vefxistyaosani1 vefxistyaosani2 vefxistyaosani3 vefxistyaosani4 vefxistyaosani5 vefxistyaosani6 vexistyaosani7 vefxistyaosani8