13.04.2016

2016 წლის 12 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ცნობილი პოეტი ვაჟა ხორნაული მეუღლესთან, ვაჟიშვილთან და მეგობარ პოეტთან უშანგი ჯანგირაშვილთან ერთად. შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. ასეთი შეხვედრები უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. 
თავდაპირველად, სტუმარს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე და მადლობა გადაუხადა იმ შესანიშნავი ლექსებისათვის, რომელმაც გაამდიდრა ქართული პოეზია. გაიხსენა სტუდენტობის წლები და მისთვის ჩვეული იუმორით ბევრი სახალისო ისტორია მოყვა ბატონ ვაჟასთან დაკავშირებით. მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გულიკო ბექაური, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი მარიამ კაპანაძე, პოეტი უშანგი ჯანგირაშვილი.
პოეტის შემოქმედება განიხილეს პროფესორებმა: ვახტანგ ინაურმა და მაკა ბერიზემ, სტუდენტებმა: სოფო მელიქიძემ, თამარ აბრამიშვილმა და შორენა კაპანაძემ. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ავტორის ღრმა და მრავალფეროვან შემოქმედებას, პოეტური წერის სტილსა და მეტაფორებს, მხატვრული შედარების მეთოდებს, პოეზიის მინიმალისტურ ფორმას. აღინიშნა, რომ ვაჟა ხორნაულის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა დედაშვილობა, ოჯახი, სიყვარული... 
შეხვედრა უჩვეულო იყო იმითაც, რომ ჰქონდა ახალი ბლოკი: უცხო ენის სპეციალისტებმა, პროფესორებმა ლალი ბერიძემ და მაია ქუქჩიშვილმა, სტუდენტებმა აზნივ გევორქიანმა და რაფაილია კაჭკაჭიშვილმა თარგმნეს და საზოგადოებას წარმოუდგინეს ვაჟა ხორნაულის პოეზია გერმანულ, ახალბერძნულ და სომხურ ენებზე. 
შეხვედრა გაალამაზეს სტუდენტების მარიამ ახობაძის, რობიზონ ზარიძის, თამარ ყავრელიშვილის, ლია ხარშილაძის, მარიამ ბირჩაძის მიერ წაკითხულმა ლექსებმა. 
პოეტის მეუღლემ, ქალბატონმა რუსუდან ბერეკაშვილმა ვერ დაფარა ემოციები, უზომო სიყვარული და ღრმა პატივისცემა გამოხატა დამსწრე საზოგადოებისადმი.

ბოლოს ავტორმა თავად წაიკითხა რამდენიმე ლექსი და მადლობა გადაიხადა მოწვევისათვის.