25.04.2016

22 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი „თურქულ-ქართული ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“.  ეს იყო ისტორიაში ქართველი და თურქი მეცნიერების  პირველი შეხვედრა, წარმოდგენილი უმაღლესი რანგის სტუმრებით.   

სემინარი ორგანიზებული იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  თურქეთის საისტორიო საზოგადოებისა და  კავკასიის  უნივერსიტეტების  ასოციაციის  მიერ.    

საერთაშორისო სემინარი გახსნა და უძღვებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორი მერაბ ბერიძე.  ისაუბრა შეხვედრის მიზანზე, ფუნქციაზე, თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე.

საერთაშორისო სემინარს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა თურქეთის საისტორიო საზოგადოების პრეზიდენტის, პროფესორ რეფიქ თურანის სტუმრობამ. პრეზიდენტი მიესალმა თანამშრომლობის დაწყებას, ხაზი გაუსვა თანამედროვე მსოფლიოში საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო ურთიერთობების,   ერთმანეთის სამეცნიერო ნააზრევის გაცნობის აუცილებლობას.

სემინარს ასევე დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსი, პროფესორი ნუგზარ ჩიტაია, რომელმაც გამოყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოკვეთილი ფუნქცია, მისი საქმიანობის მთავარი ორიენტირები და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კოპაძე.

თარგმანს უზრუნველყოფდა პროფესორი როინ ყავრელიშვილი.