25.04.2016

23 აპრილს  გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის „თურქულ-ქართული ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“ შემაჯამებელი სხდომა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ შეაფასა სემინარი, როგორც წარმატებული შეხვედრა. ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის მზადყოფნას, მომავალშიც უმასპინძლოს მსგავს სამეცნიერო ღონისძიებებს და მონაწილეებს შესთავაზა, სამომავლო შეხვედრების  გაფართოება, ისტორიკოსთა გარდა სხვა დარგის ჰუმანიტართა ჩართვა. 

თურქეთის საისტორიო საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი რეფიქ თურანი  მიესალმა გაფართოების ინიციატივას, ისაუბრა მომავალი შეხვედრის თურქეთში გამართვის თაობაზე, ჩატარებული სემინარის მნიშვნელობაზე.

როგორც თურქმა, ისევე ქართველმა  მეცნიერებმა აღნიშნეს,  რომ ნაკლებად იცნობენ ერთმანეთის ნაშრომებს, ხელი არ მიუწვდებათ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტაციაზე და დაწყებული ურთიერთობები ამ დანაკლისს შეავსებს. საუბარი შეეხო ერთობლივი კვლევების დაგეგმვასაც.

 უნივერსიტეტის რექტორმა სერტიფიკატები გადასცა თითოეულ მონაწილეს, ხოლო პროფესორი რეფიქ თურანი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

  საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის „თურქულ-ქართული ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“ ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ერთობლივად მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც სრულად აისახა ორივე მხარის მთავრი სათქმელი: „წარმატებით დასრულდა და თავის მიზანს მიაღწია პირველად ისტორიაში ჩატარებულმა თურქულ-ქართული ურთიერთობებისადმი მიძღვნილმა საერთაშორისო სემინარმა.სემინარზე წარმოდგენილი მოხსენებების დაბეჭდვა დაგეგმილია 2017 წლის დასაწყისში.  გადაწყდა, რომ მსგავსი სემინარები სპეციფიკური საკითხების ირგვლივ მომავალშიც გაგარძელდება.

როგორც ისტორიკოსები, მოხარული ვიქნებით, რომ ჩვენი პასუხისმგებლობით შევიტანოთ წვლილი ქართულ-თურქული ურთიერთობების განვითარების საქმეში.“