30.04.2016

2016 წლის 29 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს საპასუხო ვიზიტით   თურქეთის რესპუბლიკის  ქალაქ არტაანის მერი ფარუქ ქოქსოი და არტაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრობის მიზანს ქართულ-თურქული სამზარეულოს შესახებ წიგნის პრეზენტაცია წარმოადგენდა. უნივერსიტეტში სტუმრობამდე, არტაანის მხარის წარმომადგენლები ქალაქ ახალციხის მერს გიორგი კოპაძეს და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტში სტუმართა და მასპინძელთა მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ტურიზმისა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების თაობაზე.

არტაანის მხარის წარმომადგენლეთა ვიზიტის ძირითადი ნაწილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში შედგა. ქალაქ არტაანის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის -სამცხე-ჯავახეთისა და არტაანის მხარის მეგობრული ურთიერთობები ფარგლებში დაწერილი წიგნის შესახებ პრეზენტაცია უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ გახსნა. ბატონი რექტორი მიესალმა მობრძანებულ სტუმრებს და აღნიშნა, რომ ეს გახლდათ პირველი პრეცენდენტი პროექტისა, რომელიც საგანმანათლებლო კერასა და  მუნიციპალიტეტს შორის განხორციელდა. აქვე გამოთქვა სურვილი, რომ სამომავლოდ, ორივე მხარის მიერ დაიგეგმოს ქართულ-თურქული სამზარეულოს ტერმინოლოგიის საკითხებზე ერთობლივი კონფერენცია. ბატონმა მერაბმა მადლობა მოახსენა ქალაქ არტაანის მერს ფარუქ ქოქსოის აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის და აღნიშნა, რომ  მსგავსი ხასიათის პროექტებში მომავალშიც ითანამშრომლებს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მისალმების შემდგომ,  მეორე სასწავლო კორპუსში შეკრებილ  პროფესორებსა და  ადმინისტრაციის თანამშრომლებს ქალაქ არტაანის მერი ფარუქ ქოქსოი, არტაანის უნივერსიტეტის პროფესორი ერდოღან ალთინქაინაქი, საზღვარგარეთელი თურქებისა და მონათესავე თემების სამმართველოს წარმომადგენელი ბურქან ფოლადი მიესალმნენ. ბატონმა ფარუქმა მადლობა მოახსენა პროფესორ მერაბ ბერიძეს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს - თინა იველაშვილსა და როინ ყავრელიშვილს, ასევე, არტაანის უნივერსიტეტის პროფესორს ერდოღან ალთინქაინაქს,  არტაანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ, დოქტორ  ზეჰრა თუღბა აბაჯის წიგნის მომზადების გამო და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს მსგავსი ხასიათის საგანმანათლებლო პროექტებს. „ვფიქრობ, წინამდებარე წიგნი საფუძველს ჩაუყრის მომავალ პროექტებს როგორც გასტრონომიული ტურიზმის, ასევე სხვა მიმართულებითაც“, - აღნიშნა შეხვედრაზე  ფარუქ ქოქსოიმ.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ აღნიშნული პროექტის განხორციელებისა და ერთობლივი თანამშრომლობის აღსანიშნავად, არტაანის მერს და პროექტის სხვა მონაწილეებს  მადლობის სიგელები გადასცა. თავის მხრივ,  სტუმრებმა პროექტში მონაწილე ქართველ პროფესორებს სამახსოვრო საჩუქრები უსახსოვრეს.

შეგახსენებთ, რომ თურქულ-ქართული სამზარეულოს შესახებ წიგნის პრეზენტაცია 2016 წლის 2 აპრილს თურქეთში, ქალაქ არტაანში  გაიმართა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წიგნი გამოიცა ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე.  ვიზიტის ბოლოს, სტუმრებმა საფარის მონასტერი მოინახულეს.