17.05.2016

16 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა, მესხეთის მკვიდრ, საინტერესო ბიოგრაფიის მქონე და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ პიროვნებასთან, ზელიმხან მაღრაძესთან. შეხვედრა მოიცავდა, ასევე, მისი მოთხრობების კრებულის „მთვლემარე რაინდების“ პრეზენტაციას.

ზელიმხან მაღრაძე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, ხოლო შეხვედრას უძღვებოდა სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მაკა ბერიძე-კაჭკაჭიშვილი.

მწერლის შემოქმედება და მოღვაწეობა მიმოიხილეს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გულიკო ბექაურმა, ფაკულტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბატონი ზელიმხანის მეგობრები: საქართველოს კაპელის მთავარი დირიჟორი და მხატვრული ხელმძღვანელი, ბატონი გივი მუნჯიშვილი, დირიჟორი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი ლია ლომიაშვილი და პოეტი ციური ასპანიძე-მესხიშვილი.