31.05.2016

2016 წლის 31 მაისს, 14 საათზე, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მაგისტანტთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია გახსნა რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ასოცირებულმა პროფესორმა მაკა კაჭკაჭიშვილმა. კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის  რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დარგობრივ კონფერენციებში გამარჯვებული თორმეტი სტუდენტი რექტორმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა, ხოლო ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორებმა _ გულიკო ბექაურმა, გიორგი მესხმა, ცისკარა ზარანდიამ და მალხაზ ლომსაძემ სერტიფიკატები გადასცეს სტუდენტებს ამავე კონფერენციებში მონაწილეობისათვის.

კონფერენციამ პირველ და მეორე კორპუსში მუშაობა განაგრძო სექციების მიხედვით: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სექცია. მესამე _ ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირების სექცია გაიყო სამ ქვესექციად: ეკონომიკის, აუდიტის, აგრობიზნესის მენეჯმენტისა და უძრავი ქონების ადმინისტრირების სექციად. კონფერენციის შემაჯამებელი სხდომა ჩატარდა 17:30 საათზე პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.