03.06.2016

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო დღეებს ივანე ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა  და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ,,ქართული ტოლერანტობა აიეტიდან დღემდე“. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა არაერთი ღონისძიება, მათ შორის, რეგიონებში. ამასთან დაკავშირებით, 2016 წლის 3 ივნისს,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებები:

ფოტო-დოკუმენტური გამოფენა „საქართველოს ბერძნები XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე - საქართველოს საარქივო მასალებიდან“ მოეწყო უნივერსიტეტის I კორპუსის მეორე სართულის ფოიეში. გამოფენის ავტორმა,  ფილოლოგიის დოქტორმა  მაკა ქამუშაძე სტუდენტებს გააცნო საარქივო მასალები და ისაუბრა ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებზე.

საჯარო ლექციები: ,,ცოცხალი ანტიკურობა“ წაიკითხა თსუ ასოცირებულმა პროფესორმა  მანანა ფხაკაძემ (ქართულ-ბერძნულ კაბინეტი), ხოლო ,,ისლამური ელემენტი და ქართული ეროვნული ცნობიერება მე-19 საუკუნის საქართველოში“ _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ჭყოიძემ (პროფესორ სერგო მელიქიძის სახელობის აუდიტორია).

ლექციები, რომლებიც ერთდროულად დაიწყო, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელთა მხრიდან.