23.06.2016

2016 წლის 23 ივნისს, ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ახალციხის (რაბათის) ციხის ციტადელის საკონფერენციო დარბაზში. ცერემონიალი გახსნა ღონისძიების ორგანიზატორმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გულიკო ბექაურმა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, პოეტი დავით შემოქმედელი, პროფესორი პარმენ მარგველაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გოგი გეგეჭკორი, ქალაქ ახალციხის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი.
მისალმებების შემდეგ, გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. გუშინდელი დაძაბული, ხანგრძლივი პაექრობის შემდეგ ჟიურიმ გამოავლინა კონკურსში გამარჯვებულთა სამეული: პირველი ადგილი და, შესაბამისად, ფულადი პრემია გაინაწილეს კონკურსის შარშანდელმა გამარჯვებულებმა თეიმურაზ ხუციშვილმა და ანრო ცირეკიძემ, 900-900 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მანანა ნესუაშვილს გადაეცა 600 ლარი. კონკურსის ყველა მონაწილე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალური სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. 
ცერემონიალს, საპატიო სტუმრის რანგში, ესწრებოდნენ ლავრენტი ბერიძე და ომაზ ჩხეიძე. 
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის რუსთაველის სახელობის სომხური სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის პედაგოგის ნანა ბარჯაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“ ქართულ და სომხურ ენებზე, ახალციხის სასულიერო სემინარიასთან არსებული უდისა და არლის სამრევლო სკოლების გუნდმა „ირმისა“ (ხელმძღვანელი მონაზონი აღაპია ბეშაძე) შეასრულა ქართული საგალობლები.
ღონიძიების დაჯილდოების ცერემონიალი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ ახალციხის მერიის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა.