15.07.2016

2016 წლის 15 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ყოველთვიური ლიტერატურული, სამეცნიერო პოპულარული და საზოგადოებრივი ჟურნალ არავი"-ს პრეზენტაცია. „არავი“ -ს დამფუძნებელია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალის სახელწოდება  კი სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით:  „არავი არს ქარი სამხრეთით განმადნობელი ყინვათა“. აღსანიშნავია, რომ უკვე გამოიცა ჟურნალის 6 ნომერი.

 უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი და ჟურნალის მთავარი რედაქტორი  მერაბ ბერიძე მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს,  წარუდგინა მათ ჟურნალი და მისი სარედაქციო საბჭო. ასევე საზოგადოებას გააცნო ექვსივე ნომერში დაბეჭდილი ავტორები, ისაუბრა ჟურნალის კონცეფციაზე.

 სიტყვით გამოვიდნენ სარედაქციო საბჭოს წევრები: რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე, პროფესორი ვასილ მამულაშვილი; სტუდენტი ჯულიეტა ელბაქიანი, პროფესორებმა ლალი ბერიძემ და მაია ქუქჩიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კოლეგების, ასევე ქართველ და ემიგრანტ ავტორთა მილოცვები.

 ჟურნალ „არავი“-ს გზა დაულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა: ქალაქ ახალციხის მერის მოადგილემ ზაზა თამარაშვილმა, გაზეთ „ლიტერატურული მესხეთი“-ს რედაქტორმა ავთო ბერიძემ, ახალციხის საკრებულოს გამგებლის მოადგილემ  გურამ მელიქიძემ, ვლადიმერ ზედგინიძემ, სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ.

 „თბილი ქარი“- მესხეთის სიმბოლოა, მესხეთი საქართველოსი. ჩვენი სურვილი და მიზანია: ჟურნალი „არავი“ ერთიანობის, სითბოს, სიყვარულის სიმბოლოდ იქცეს.