20.09.2016

20 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა ბიზნესის საკონსულტაციო ქსელ საქართველოს (BCNG) პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ეკონომიკური განათლების ცენტრის მენეჯერი მადონა კოტია.

ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო (BCNG) ჰარჯუს ეკონომიკური განვითარების ცენტრთან (HEDC) პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში”. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა (USAID) და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. ბიზნეს იდეების კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ჯამურად 17 500 $-ის ღირებულების ბიზნეს გრანტების გაცემა, რისთვისაც 1 სექტემბერს გამოცხადდა აპლიკაციების მიღება.