04.10.2016

4 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტუმრა.

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ სტუმარს გააცნო უნივერსიტეტის დღევანდელობა, მიღწევები და პერსპექტივები.

პრეზიდენტმა საჯარო ლექცია უნივერსიტეტის ეზოში წაიკითხა, რომელიც ქვეყნის განვითარების პროცესში არჩევნების, ამომრჩეველთა აქტივობის მნიშვნელობასა და სამოქალაქო ვალდებულებებს შეეხებოდა. გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესებში ამომრჩევლის როლზე ესაუბრა და კენჭისყრაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ეკონომიკაში, განათლებისა და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მოგვარების გზები ისევ არჩევნებში მოქალაქეობრივი ვალის დაფიქსირებაა.

ლექციის მერე, საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა. შეკითხვები ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობებსა და საარჩევნო პროცესებს ეხებოდა.

ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, გიორგი მარგველაშვილი, უკვე ორი თვეა, მთელი საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებს ხვდება და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრება.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს მოუწოდა პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიხედვით ჩამოაყალიბონ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი და არჩევნებზე გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით მიიღონ, - მე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად გავითვალისწინებ: პარტიის საგარეო კურსს, მის ეკონომიკურ პროგრამას და სასამართლო რეფორმისადმი დამოკიდებულებას. ეს სამი მიმართულებაა ჩემთვის გადამწყვეტი.