26.10.2016

2016 წლის 25 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიას კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ფურცელი შეემატა. გაიხსნა პროფესორ ოთარ ღამბაშიძის სახელობის კაბინეტი. ოთარ ღამბაშიძე იყო მკვლევარი, არქეოლოგი, რომელმაც 1966 წლიდან დააიწყო სამცხე-ჯავახეთში არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობა. 
მეცნიერი გაიხსენეს პროფესორებმა: მერაბ ბერიძემ, გივი ბუცხრიკიძემ, ნიკოლოზ ახალკაცმა; ყოფილმა სტუდენტებმა, დღეს უკვე კოლეგებმა ვასილ მოსიაშვილმა, როინ ყავრელიშვილმა, მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძემ, ნინო ოთხვანმა. სახელოვანი მამა გაიხსენა მეცნიერის ქალიშვილმა ირინა ღამბაშიძემ. ითქვა ბევრი თბილი სიტყვა, მოგონებებში აღნიშნა ის დიდი დამსახურება, რაც ოთარ ღამბაშიძემ გასწია მეცნიერებაში და, კერძოდ, არქეოლოგიაში.
უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შრომა გასწია ოთარ ღამბაშიძის სახელობის არქეოლოგიის კაბინეტის გახსნისათვის. განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, არქეოლოგ თამარ მათიაშვილის დამსახურება. 
კაბინეტში გარდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატებისა, გამოიფინა პროფესორის პირადი ნივთებიც. აღინიშნა, რომ ეს იქნება სტუდენტებისათვის მაგალითი იმისა, როგორ უნდა ისწავლონ კარგად და უყვარდეთ სამშობლო. აღინიშნა ისიც, რომ ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი ანალოგი არ არსებობს. 
არქეოლოგიური კაბინეტის გახსნამ და ამ კაბინეტისათვის ოთარ ღამბაშიძის სახელის მინიჭებამ კიდევ ერთხელ უკვდავყო დიდი მეცნიერის სახელი.