28.10.2016

2016 წლის 27 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პროფესორ სერგო მელიქიძის სახელობის აუდიტორიაში გაიმართა სამეცნიერო გულანის გაფართოებული სხდომა. მოხსენება თემაზე: „გულანის“ მომავლისათვის“, წაიკითხა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ.

მომხსენებელმა წარმოადგინა კრებულის ისტორია მისი დაარსებიდან დღემდე, შეაფასა „გულანის“ მნიშვნელობა, მადლობა გადაუხადა სარედაქციო საბჭოს წევრებს, თითოეულ ავტორს წლების განმავლობაში აქტიური თანამშრომლობისათვის, გაიხსენა პროფესორი ვალერი სილოგავა. აღინიშნა, რომ „გულანმა“ საფუძველი დაუდო ახალ გამოცემებს: „არავს“, რომლის ათი ნომერი უკვე დაიბეჭდა და ახალ ელექტრონულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის მიმართულებით. მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა კრებულის რეორგანიზაციაზე. „გულანი“ არსებობას განაგრძობს და მასში წარმოდგენილი იქნება ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგები, როგორიცაა: ქართველური ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, განათლება და ონომასტიკა. კრებული გამოვა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. აღინიშნა, რომ ცვლილება არ შეეხება სამეცნიერო „გულანის“ ტრადიციად ქცეულ სემინარებს და ხუთშაბათის სხდომები გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში.