08.11.2016

2016 წლის 8 ნოემბერს, სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ასოცირებული პროფესორის, ბატონ უჩა ბლუაშვილის წიგნის- „საერთაშორისო ურთიერთობათა შესავალი“ -პრეზენტაცია. წიგნი წარადგინა სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ბერიძემ. 
წიგნის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა პროფესორმა როინ ყავრელიშვილმა, მან დამსწრეთ მოახსენა, რომ წიგნი სალექციო კურსს წარმოადგენს და საინტერესოა სტუდენტებისა და დაინტერესებული მკითხველისათვის. მან მიმოიხილა სახელმძღვანელოს სტრუქტურა, შინაარსი , შეაფასა ის ისტორიულ ჭრილში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას პოლიტიკური მეცნიერების შესწავლისათვის.
პროფესორმა ნიკო ახალკაცმა წიგნს უწოდა გზამკვლევი იმ რთულ სასწავლო დისცილინაში, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები და გამოთქვა იმედი, რომ ასეთი სასწავლო დისციპლინა არჩევითი საგნის სახით მაინც ჰპოვებს ადგილს კურიკულუმში. მან ისაუბრა თანამედროვე სამყაროში საერთაშორისო ურთიერთობების დარეგულირებაში განათლების როლის შესახებ. 
ფაკულტეტის პროფესურისათვის წლევანდელი წელი ნაყოფიერი იყო- თქვა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა გულიკო ბექაურმა, მიულოცა ავტორს ნაშრომის გამოცემა და უსურვა მომავალში ახალი წიგნებით გაამდიდროს თავისი შემოქმედაბა. ამასთან ისაუბრა ნაშრომის მნიშვნელობაზე, ავტორის პროფესიონალიზმზე და პასუხისმგებლობაზე. ახალი წიგნის გამოსვლას გამოეხმაურნენ პროფესორები და სტუდენტები. 
ავტორმა მადლობა მოახსენა დამსწრეთ და ღონისძიების ორგანიზატორებს და ისაუბრა წიგნის შესახებ. მისმა გამოსვლამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.