12.12.2016

9 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას. ღონისძიება გაიმართა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“.

ხელი ასევე მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას ბათუმისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან. შეთანხმების საფუძველზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში ითანამშრომლებს უნივერსიტეტებთან სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, თანამშრომლობა გულისხმობს როგორც საჯარო ლექციებს სტუდენტებთან, ისე სასწავლო მასალასა და უნივერსიტეტის გამდიდრებას ადამიანის უფლებათა სტანდარტებით.

ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია.