17.03.2017

2017 წლის 16 მარტს,  მწერალთა სახლში გაიმართა ლიტერატურულ, სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალ „არავის“ პრეზენტაცია. ჟურნალს გამოსცემს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „არავი“ ყოველთვიური გამოცემაა, მკითხველს პრეზენტაციაზე ჟურნალის 14 ნომერი წარედგინა. ღონისძიება საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით დაიგეგმა. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ „არავის“ ავტორები, მწერლები, ხელოვანი ადამიანები. „განსაკუთრებული დღეა, რადგან მწერალთა კავშირის არსებობის ასწლოვანი ისტორიის განმავლობაში პირველად, მწერალთა სახლს სტუმრობენ ლიტერატურული ჟურნალის შემქმნელები მესხეთიდან“, - ამ სიტყვებით მიესალმა საზოგადოებას მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი. მაღალი შეფასება მისცა ჟურნალში დაბეჭდილ მასალას მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა რევაზ მიშველაძემ. ითქვა ბევრი საქებარი სიტყვა ჟურნალის რედაქტორის, პროფესორ მერაბ ბერიძისა და სარედაქციო საბჭოს წევრების მისამართით. ცნობილი ადამიანები, ხელოვანები ხაზს უსვამდნენ ჟურნალის ღირსებებს: რუდუნებით შერჩეულ მასალას, მხატვრული ტექსტების გვერდით სამეცნიერო, პუბლიცისტური წერილების სიმრავლეს, ემიგრანტული ლიტერატურისადმი დათმობილ განსაკუთრებულ ყურადღებას. პრეზენტაცია დასრულდა სასიამოვნო მოულოდნელობით. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა „არავის“ რედაქტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, მარიკა ბარათაშვილის სახელობის პრემია წარმატებული პუბლიცისტური საქმიანობისთვის გადაეცა რედაქტორის მოადგილეს მაკა კაჭკაჭიშვილ-ბერიძეს.
მწერალთა სახლში გამართულ „არავის“ პრეზენტაციას, პროფესიონალთა მხრიდან გამოხატულ თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოცემისთვის და მისი შემდგომი წარმატების განმსაზღვრელია.

12345678