11.05.2015

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის დღეების ფარგლებში, პროექტ „ევროპული ახალგაზრდობის“ მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძემ, თბილისისა და რეგიონების, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ახალქალაქის კორპუსი) სტუდენტებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მთავრობის ამბიციურ დღის წესრიგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საბოლოო მიზანს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს. „საქართველოს ევროპული მომავალი ახალგაზრდების, საზოგადოების ხელშია. პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, შესაძლებელი გახდა მხოლოდ ამ პროცესისადმი საზოგადოების მტკიცე, ურყევი მხარდაჭერით. ჩვენ განვეკუთვნებით ევროპულ ცივილიზაციას და ყოველთვის მივისწრაფოდით ევროპული ოჯახისა და სრულფასოვანი წევრობისკენ. დღესაც, საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი და რომ არა ასეთი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ჩვენ ვერ მივაღწევდით იმ წარმატებას, რომელსაც მივაღწიეთ” - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

nato44