ბაკალავრიატი 

საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 2-ნ) ბაკალავრიატს განსაზღვრავს, როგორც: “უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების პირველ საფეხურს – ისეთი სასწავლო პროგრამების ერთობლიობას, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობების თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია კურსდამთავრებულის მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის ან ისეთი პროფესიის ასათვისებლად, რომელიც სტუდენტისაგან საშუალო განათლებაზე უფრო მაღალ საწყის მომზადებას მოითხოვს”.

საბაკალავრო პროგრამების ძირითადი თავისებურება ჩვენს უნივერსიტეტში კომბინირების მაღალი ხარისხია, ანუ პროგრამის შემადგენელი სტრუქტურული ერთეულების სხვადასხვანაირად კომბინირებამ საშუალება უნდა მისცეს სტუდენტს უპრობლემოდ აირჩიოს ძირითადი და დამხმარე სპეციალობები. მაგ. თუ სტუდენტი იცვლის არჩევანს, მას უკვე გავლილი საგნები/მოდულები შესაძლოა დამხმარე სპეციალობის პროგრამაში ჩაეთვალოს. ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში სტუდენტი დროულად უნდა იყოს ინფორმირებული თავისი საგანმანთლებლო პროგრამის დაგეგმვის ყველა არსებული შესაძლებლობის შესახებ.


საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა

პროგრამის მოცულობა – 240 ECTS (წელიწადში – 60 ECTS სემესტრში – 30 ECTS
ძირითადი სპეციალობა (major) – 120 + 40 ECTS (სადაც 40 ე.წ. საუნივერსიტეტო კრედიტებია, თუმცა შესაძლოა სხვა თანაფარდობის არსებობაც, ჯამში ძირითადი სპეციალობის მოცულობა 160 კრედიტს არ უნდა აღემატებოდეს).

მათ შორის:

საბაკალავრო ნაშრომი – 10 ECTS
ინგლისური ენა - 20 ECTS
დამატებითი სპეციალობა (minor) – 60 ECTS
ე.წ. თავისუფალი (არჩევითი) საგნები – 10 ECTS საგანთა საერთო რაოდენობა – 32 (ე.ი. სემესტრში საგანთა საშუალო რაოდენობა – 4; მოდულების არსებობის შემთხვევაში საგანთა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს) საგნის მინიმალური კრედიტი – 5 (მოდულების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს); საგნების/მოდულების კრედიტები – ხუთის ჯერადი.


ძირითადი სპეციალობა (major) – სტუდენტისათვის მაპროფილებელი სპეციალობაა, რომელშიც მას ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ენიჭება. მისი მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება 160 კრედიტით.

დამატებითი სპეციალობა (minor) – უკეთეს შანსს აძლევს სტუდენტს შრომის ბაზარზე თუ სწავლების შემდგომ საფეხურზე. როგორც წესი დამატებითი სპეციალობის არჩევა ხდება საკუთარი ფაკულტეტის ფარგლებში, თუმცა ეს უნივერსალური წესი არ არის. სხვა ფაკულტეტზე დამატებითი სპეციალობის აღების შემთხვევაში ფაკულტეტს აქვს სტუდენტთა სელექტირების უფლება სპეციალობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ასე მაგალითად, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე დამატებითი სპეციალობის აღების წინაპირობა შეიძლება იყოს მათემატიკის ჩაბარება და ა.შ. დამატებითი სპეციალობა აისახება დიპლომში და მისი მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება 60 კრედიტით.

თავისუფალი საგნები/კრედიტები – ემსახურება სტუდენტის ინტერესის დაკმაყოფილებას, მისი ზოგადი განათლების გაღრმავებას და არ განსაზღვრავს სტუდენტის დარგობრივ კვალიფიკაციას. თავისუფალი კრედიტები აისახება დიპლომის დანართში. თავისუფალი საგნების არჩევა შესაძლოა როგორც საკუთარი, ისე სხვა ფაკულტეტების კურიკულუმიდან. უნივერსტეტში ე.წ. თავისუფალი საგნების მოცულობა განისაზღვრება მაქსიმუმ 20 კრედიტით (ანუ 4 ხუთკრედიტიანი საგანი), თუმცა რეგულირებადი პროფესიების შემთხვევაში შესაძლოა თავისუფალი კრედიტების რაოდენობა აღნიშნულ ლიმიტს არ შეესაბამებოდეს.

საუნივერსიტეტო საგნები

1. აკადემიური წერა
2. ფილოსოფიის შესავალი
3. ინფორმატიკა
4. ინგლისური ენა