ეშტია

ნათესაობითი ბრუნვა:

ეშტიის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Eshtia

Name / Имя / İsim / Անուն:

Eshtia/Eştia/Էշտիա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ეშტია, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

სოფლის მოსახლეობა 1828 წელს გადმოსახლებულია თურქეთის სოფელ იქილიდან, მუშის პროვინციიდან. თავფარავნის წყლის მიმდებარედ არსებული სოფლების მოსახლეობა მდინარეს უწოდებს თაფარვანს, რომელიც ქართული თავფარავნის არმენიზებული ვარიანტია. არის ცდა, რომ შეუცვალონ მდინარეს სახელი და, როგორც ექსპედიციამ დაადასტურა, მას უწოდონ არაზი (მდინარე არაქსის სახელწოდების სომხურ-თურქული ვარიანტი). ამით კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი მოსახლეობის ისტორიულ სომხეთთან კავშირს. ექსპედიციამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელთა უშუალო მისადგომებთან არ დგას შესაბამისი ტრაფარეტები, რის გამოც ეშტიელებმა აღმართეს არაოფიციალური ტრაფარეტი და მოგვცეს სოფლის სახელწოდების ახალი ვარიანტი - ჰეშტია, რითაც არის მცდელობა, რომ სახელი დაუკავშირონ სომხურ ენობრივ გარემოს. ინფორმატორების მიერ იქმნება სოფლის სახელის ახალი, გულუბრყვილო ეტიმოლოგია და შესაბამისი „ლეგენდა“ - თითქოს ჰეშტია ნიშნავს „აქ ადვილია ცხოვრება“, რაც უკავშირდება სოფელში წყლის არსებობას. სოფლის ასხელის ჰეშტიად წაკითხვა ახალი არა არის (ჯიქია 1958, 320). აქვე უნდა ითქვას, რომ ახალმოსახლეთა მიერ სოფლისათვის სახელის დარქმევა გამორიცხულია, რადგან ეს სახელი დასტურდება უკვე მე-16 საუკუნეში შემდეგი მოსახლეობით: იოსებ, თევდორე, გოგიჩა ძამანა, ბერა, მაზან, მერაბ, ზარასფა, ყურუ, გრიგოლ, ლომკაც, ავგაროზი, სარხოშა. მათ შორის იყო ტერაკოფიც, რომელიც სომეხი ეროვნებისა უნდა ყოფილიყო (ჯიქია 1941, 225) სოფლის სახელი შეიძლება დავუკავშიროთ საქართველოს ჩრდილოეთში გავრცელებულ სალოცავის სახელს - აშტო, თუშეთში, სოფელ დანოში. სოფლის სიახლოვეს შემორჩენილია ქართული ეკლესია, რომელიც გადაკეთების შედეგია. გადაუკეთებია ვინმე გლოს, ამიტომაც ეძახიან მას გლოი უხტს. ეკლესიის შიდა აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია ჯვარი და უცნობი ქართული წარწერა: „ქრისტე შეიწყალე იოვანე”. საინტერესოა, რომ ადგილობრივნი მას „სურფ ოვანესს” უწოდებენ. ეს ძეგლი შეუსწავლელია. საკურთხეველთან დევს ჯვარი, ეტყობა,დეტალი ძველი ქართული ეკლესიისა... მართალია, ჯვრის წარწერა სამშენებლო ჩანს, მაგრამ კავშირი იოანესა და ოვანესს შორის, აშკარაა. თუმცა არსებობს წარწერის განსხვავებული წაკითხვა - „ქრისტე შეიწყალე ჲუნა“ (ჯავახეთის ეპიგრაფიული კორპუსი, ვალერი სილოგავა, ლია ახალაძე, 44-45.) ეშტიის მეორე ქართული წარწერაა “წმიდა სტეფანე შეიწყალე სული ჩემი“, რომელიც 1880 წელს ეშტიის მონასტრის განახლების დროს იპოვეს და წაკითხულ იქნა გვარამაძის მიერ, დღეს დაკარგულია (ეპიგრაფიკული კორპუსი, 44).

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი