პატარაარაკალი

ნათესაობითი ბრუნვა:

პატარაარაკალის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Pataraarakali

Name / Имя / İsim / Անուն:

Pataraarakali/Pataraarakali/Պատարաարակալի

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი პატარა არაქალი

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფების მიხედვით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არის დიდი არაქალი და პატარა არაქალი (საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, 1966, 28; (საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, 1987ე, 18). დასტურდება სოფლის სახელების რამდენიმე ვარინტი: არაქალი (დიდი, პატარა), არაქალები, ირკან, ირგან, არაგალ//არაგეალ, არაკალ (ს. ჯიქია, 58, 613). აღნიშნულ სოფლებში გადმოსახლებული არიან ყარსის სოფელ უმუდიდან/ უმუთიდან. პირველად ისინი ჩასახლდნენ სოფელ ხანდოში, ხოლო 1836 წელს, ხანდოდან გადმოვიდნენ არაკალში. 1878 წელს აშენდა სომხური ეკლესია. პატარაარაკალის შესასვლელში, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ამაღლებულ ადგილზე აღუმართავთ შავი ჯვარი და ტრაფარეტი სომხურ ენაზე წარწერით - პატარა არაგეალი. ეს კეთდება იმის პასუხად, რომ სოფლის მისადგომებს არა აქვს სახელმწიფოს მიერ დადგმული ტრაფარეტები. არაკალელები თავფარავნისწყალს მოიხსენიებენ, როგორც თაფარვანა, ფარვანა, თაფარვანი, თაფარვანჩაი. მდინარე თავფარვნისწყლის მარჯვენა ნაპირზე არის პატარაარაკალი, ხოლო მარცხენაზე დიდიარაკალი. ბაბოიან მარტინ ხაჩატურის ძის თქმით სოფელთა ტერიტორიაზე სხვადასხვა სახისა და ეროვნების 10 სასაფლაოა, რაც ექსპედიციას გადაჭარბებულად ეჩვენება და ჩვენ მათი მოძიება გაგვიჭირდა. „ამ სოფლის ძველ ქართულ ეკლესიას ორი კედელიღა დარჩენია, ისიც მთლიანად შემოძარცვული. აქვე არის დიდი ქვაჯვარი წარწერით“ - ამ სიტყვების ავტორი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მოგზაურობდა ჯავახეთში და დააფიქსირა აღნიშნული ფაქტი. დღეისათვის აღარც ქართული ეკლესიაა და აღარც ქვაჯვარი. სამაგიეროდ, ქართულ ეკლესიაზე დააშენეს სურფ სტეფანოსის სახელობის სომხური ეკლესია, რომელშიც ძველი ქართული ეკლესიის ქვებიც არის ჩატანებული. სოფლის სახელთა შორის ჯერ კიდევ აკადემიკოსი სერგი ჯიქია უპირატესობას ანიჭებდა არაკალს, როდესაც ის წერდა: „არქივის საბუთებში ამ სოფლების სახელად არაკალი გვხვდება... მასალების უქონლობის გამო საძნელოა ამ სხვადასხვა ეთნიურ წრეში გადაგვარებული სახელის პირველადი ქართული სახეობის დადგენა, შეიძლება პირობით არაკალი დავტოვოთ. („გ“ ასოთი ამ ძეგლში მკვეთრი „კ“ თანხმოვანია გადმოცემული, (ს. ჯიქია 339-340). როგორც ვხედავთ, ს. ჯიქია უპირატესობას ანიჭებს არაკალ ფორმას. ჩვენი აზრითაც ეს უკანასკნელი უნდა იყოს სწორი. ამას მხარს უჭერს ამ სიტყვის არმენიზებული ფორმა არაგალი, არაგიალი, სადაც „კ“ ბგერა გადმოცემულია „გ“-თი: ჯავახეთის სომეხთა მეტყველებაში მკვეთრი „კ“ „გ-დ“ გამოითქმის, მაგ.: კუმურდო, კარწახი, თოკი სომხურ გარემოში იქცა გუმბურდო, გარწახ, თოგ და ა. შ. არაკალს ასე განმარტავს საბა: „ვენაჴის ეტი“. „ეტი“ სიტყვაზე კი ისევ არაკალს უთითებს. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში საბასეულ განმარტებას დამატებული აქვს დ. ჩუბინაშვილის განმარტება:„განსხვლა“ (ქეგლი, ტომი 8, 1964). თუ საბას განმარტებას დავეყრდნობით, „არაკალი“„ და „ეტი“ სინონიმებად უნდა მივიჩნიოთ. ქართულში „ეტს“ მრავალი მნიშვნელობა აქვს: 1. ვენახის ან ბაღის ნაწილი; 2. სარწყავად გაყვანილი კვალი; 3. მიჯნად გამოყენებული კვალი მამულში; 4. სარწყავად დაყოფილი მიწის ერთი ნაკვეთი (ბერიძე, 2008, გვ 123). არაკალები დიდი და პატარა, როგორც ზემოთ ითქვა, გაყოფილია ჯავახეთის უდიდესი მდინარით - თავფარავნისწყლით, რომელიც თავისი სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და სხვა დანიშნულებით ყველაზე მნიშვნელოვანია აქაურ ტოპონიმიაში. სწორედ ამ მდინარით ირწყვებოდა და ირწყვება მიმდებარე ტერიტორიები, ამიტომ ეტის განმარტებებში წყალს, მორწყვას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირევს და სწორედ ეს შინაარსი დევს სოფელთა სახელში: ადგილი, რომელიც სხვადასხვა საშუალებით ირწყვის.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი