ორაჭალა

ნათესაობითი ბრუნვა:

ორაჭალის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Oratchala

Name / Имя / İsim / Անուն:

Orachala/Oraçala/Օրաճալա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი ოროჯალარი

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

ორაჭალა მდებარეობს სათხის თემში, მდ. თავფარავნისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფლის სახელი დაფიქსირებულია სხვადასხვა ვარიანტად: ორჯა, ორჯუა, ორაჯა, ორჯალარი, ორდჟუა (რუს), ორდჯუვა(რუს) ორჟუა (რუს). ორდჟა (რუს) (ჯიქია 1958, 267). სოფლის სახელის ისტორიასთან დაკავშირებით ს. ჯიქია წერს: „დავთრის ორჯუა და საარქივო მასალების ორდჯუა(რუს) და ორდჟუვა (რუს) შეიძლება სხვა ორჯაებთან ანალოგიით ორჯა გახდა... ახალქალაქის ლივაში არის ქვემო და ზემო ორჯა სოფლები, რომელთაც შემდგომში ორჯალარი ეწოდათ“ (ჯიქია 1958, 267-268). ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ერთი და იმავე ფუძის ორი სახელიდან დღევანდლამდე მოსულია ერთი ოროჯოლარის, ხოლო მეორე ორჯის სახით. სერგი ჯიქია მიუთითებს, რომ ოროჯოლარში -ლარ არის მრავლობითი რიცხვის ნიშანი (ჯიქია 1958, 328). მოყვანილი ვარიანტების მიხედვით ძირითადი ფუძე არის ორჯა, ორჯუა. რაც შეეხება ოროჯოლარს, თუ გავიზიარებთ ჯიქიას აზრს, ფუძისეული ო-ს მაასიმილირებელი ძალის შედეგად ხდება რ-სა და ჯ-ს შორის გაჩენილი ირაციონალური ხმოვნის ო-დ ქცევა. ოროჯ ფორმას ემატება მატოპონიმებელი -ა, ვღებულობთ ოროჯა-ს, რომელსაც დაერთვის -ლარ მრავლობითი რიცხვის ნიშანი. საბოლოო ჯამში მოქმედებს ისევ ასიმილაცია და ვღებულობთ ოროჯოლარს, როგორც ეს დაფიქსირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფების მიხედვით 1966 და 1987 წლებში. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს რუსული რუკების მონაცემებს, რომ ამ სოფელთა სახელი დაფიქსირებული არის ორჯალარის (რუს) სახით. (ჯიქია 1958, 328). ადგილობრივ ინფორმატორთა (რაფიკ ელოიანი 1953, გარეგინ ფაზაიანი 1964) აზრით, სოფლის სახელი მომდინარეობს ორაჭალიდან, რადგან მდინარე თავფარავნისწყლის ორივე ნაპირზე მდებარეობდა ორი ჭალა, ერთი მათგანი იყო მარცხენა ნაპირზე ოროჯალარში, ხოლო მეორე მარჯვენა ნაპირზე - ბატკანაში. გვინდა დავიჯეროთ ეს ეტიმოლოგია, რადგან ინფორმატორთა სხვა მონაცემებიც ემთხვევა ჯავახეთის ისტორიული ტოპონიმიის მონაცემებს, კერძოდ, მდინარეს, რომელსაც დღეს ტრაფარეტით ფარავანი აწერია, ისინი მოიხსენიებენ ტაფარვანა, ტოფარვანა და თაფარვანა ფორმებითაც. კიდევ უფრო ძველ ფორმად მიგვაჩნია თავფარავნისწყლის მეორე სახელი, რომელსაც ინფორმატორები ქურად მოიხსენიებენ. ქურა არის მტკვრის სომხურ-თურქული ვარიანტი და გამოძახილი ვახუშტის ინფორმაციისა, რომ მდინარე თავფარავნისწყალს ეწოდებოდა ჯავახეთისმტკვარი, რომელიც ერთვოდა შემდეგ ხერთვისთან არტაანისმტკვარს. ნიშანდობლივია, რომ ოროჯოლარს ადგილობრივი ქართველები ორაჭალას უწოდებენ, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორჯას უკავშირებენ ორჯვარს და უწოდებენ მას ორჯუას. ოროჯალარის ეტიმოლოგია და მისი ორაჭალასთან დაკავშირება სანდოდ მიაჩნია ექსპედიციას, მით უმეტეს, რომ ორაჭალის შემთხვევაში აღარ დგება ირაციონალური ხმოვნის პრობლემა და ფუძისეული ო იმსგავსებს დანარჩენ ორ ა-ს. ერთი შეხედვით წინააღმდეგობას ქმნის ჭ-ს ჯ-დ წარმოდგენა, მაგრამ ადგილობრივ სომეხთა მეტყველებაში ქართული ჭ ხშირად გადადის ჯ-დ. ექსპედიცია ითვალისწინებს უკვე არსებულ ტრადიციას და შესაძლებლად მიჩნევს, აღდგეს სოფლის ისტორიული სახელი ორჯა, ჩამოაცილებს რა თურქულ ენაში მრავლობითობის მაწარმოებელ -ლარ-ს. ასევე მხარს უჭერს სახელის რეალურ ეტიმოლოგიას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობიდან მოდის და უპირატესობას მიანიჭებს ორაჭალას, იმის გათვალისწინებით, რომ აღარ იქნება მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში ტოპონიმთა დუბლირება. წარმოდგენილ მოსაზრებას მხარს უჭერს „სომხეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ხუთტომეულის“ მონაცემები ოროჯოლარის სახელად: ორაჯალარ, ორჯალარ (ხუთტომეული, ჰაკობიანი, ტომი 5, 2001:503). ინფორმატორთა გადმოცემით, 1929 წელს წალკიდან და სოფელ აშკალიდან გადმოსახლდნენ თურქეთიდან სომეხი მიგრანტები.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი