ჯიგრაშენი

ნათესაობითი ბრუნვა:

ჯიგრაშენის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Jigrasheni

Name / Имя / İsim / Անուն:

Jigrasheni/Cigraşeni/Ջիգրաշենի

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი ჯიგრაშენი

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

როგორც ს. ჯიქია მიუთითებს, სოფლის სახელის ჯიგრაშენად წაკითხვას მხარს უჭერს „დავთრის“ ე.წ. საგადასახადო ობიექტთა სია და არქივისებური სიები, სადაც „ჯიგრაშენი... ნაჩვენებია ფექრაშენთან ახლოს მდებარედ“ (ს. ჯიქია, 1958, 406). სოფლის სახელის ვარიანტებია დიგაშენი, ტიკაშენი (ცნობარი, 2016, გვ.) ექსპედიციამ დაადასტურა ტიკაშენი, დიკაშენი და ინფორმატორებმა (იორო კოპელიანი, 1954 წ. ჰაიასტან კოპელიანი, 1975 წ.) სოფლის სახელი დაუკავშირეს ხორბლის სახეობას „დიკა“. ჯიგრაშენი გამჭვირვალე სახელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელშიც შენ ტერმინ-ფორმანტი დაერთვის ადამიანის საკუთარ სახელს. ჯიგრა მეტსახელი უნდა იყოს, რომელიც ჯიგარ საზოგადო სახელიდან მომდინარეობს. შდრ. ადამიანთა მეტსახელები ჯიგარო, ჯიგრო. შენ-კომპონენტიანი ტოპონიმები საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საკმაოდ ბევრია. ყველაზე პროდუქტულია იგი ახალ მსაზღვრელთან - ახალშენი. დანარჩენ შემთხვევაში პირველ კომპონენტად ძირითადად ადამიანთა საკუთარი სახელი გვხვდება: ოთარ - ოთარაშენი, თამარ - თამარაშენი, ბეშთა - ბეშთაშენი. სამცხე-ჯავახეთში გვაქვს როგორც ახალშენები, ისე ადამიანის საკუთარ სახელს დამატებული -შენ კომპონენტი: ბუღაშენი, მუკუზაშენი, მუხრაშენი, მინდაშენი, გოგაშენი, პეტაშენი, ფექრაშენი, ქორფაშენი, ბურაშენი, დიგაშენი. მათ შორისაა ჯიგრაშენიც (მ. ბერიძე, მესხეთის ტოპონიმთა სტრუქტურისა და ისტორიისათვის, 2008, გვ. 260). ინფორმატორთა თქმით, მოსახლეობა სოფელში გადმოსახლებულია არზრუმიდან ჯერ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, საიდანაც მიწების სიმცირის გამო წამოსულა ჯიგრაშენში. ჯიგრაშენის ეკლესია – ეკლესია (X ს.) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მდ. ფარავნის მარჯვენა მხარეს, სოფ. ჯიგრაშენთან. ჯიგრაშენის ნასახლარი – ნასახლარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მდ. ფარავნის მარჯვენა მხარეს, სოფ. ჯიგრაშენთან. აქ გადიოდა ძველი გზა – ყაურმა-ახალქალაქის დამაკავშირებელი. ჯიგრაშენის ტერასები – ტერასები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჯიგრაშენთან, მდ. მტკვრის მარცხენა მხარეს.

უკატეგორიო მუნიციპალიტეტი სოფლები ნასოფლარები ციხეები მთები ტბები მდინარეები ტაძრები ქალაქები