პატარახორანია

ნათესაობითი ბრუნვა:

პატარახორანიის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Patarakhorania

Name / Имя / İsim / Անուն:

Patarakhorania/Patarakhorania/Պատարախորանիա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი პატარა ხორენია

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

პატარახორენიის სახელით ცნობილია სოფელი მდ. თავფარავნისწყლის მარცხენა მხარეს. პატარა ხორენია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. არსებობს აგრეთვე დიდი ხორენია, რომელიც მდებარეობს მდინარე თავფარავნისწყლის მარჯვენა ნაპირას და ეკუთვნის ახალქალაქის მუნიციპალიტეტს. ხორენია, როგორც ადგილის სახელი, გვიანდელია და მისი ისტორიული სახელი ხორანია იყო, რის შესახებაც ვრცელი გამოკვლევა აქვს აკადემიკოს სერგი ჯიქიას. 1595 წლის ოსმალური დოკუმენტის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, დიდი და პატარა ხორენიების გარდა, „ეს სახელწოდება იხსენიება კიდევ ხორანიის წყალთან დაკავშირებით, რომელშიც დაბეგრილია თევზის ჭერა და იგივე სოფელი იხსენიება სოფელ კარნეთის დასაზუსტებლად“ (ჯიქია, 1958, 320-321). სახელწოდების დაწერილობისას გამოყენებულია დიაკრიტული ნიშნები, ამიტომ იგი იკითხება მხოლოდ ერთადერთი ფორმით - ხორანია. ასევე იკითხება სოფლის სახელი სხვა დოკუმენტების მიხედვითაც, ხოლო ხორენიის გაჩენის „მიზეზი უნდა ვეძიოთ 1830-იან წლებში არზრუმიდან გადმოსახლებულ და ამ სოფელში დამკვიდრებულ სომეხთა მეტყველებაში, სადაც შეიძლებოდა ხორანია გააზრებულიყო ცნობილ სომხურ სახელ ხორენად... დიდი და პატარა ხორანიები და მათში მცხოვრებთა სახელები და მამის სახელები წარმოდგენილია დავთრის მეორე ტომში (ჯიქია, 1941). როდესაც ანთროპონიმთა ენობრივ კუთვნილებას ვიკვლევთ, გასათვალისწინებელია ამა თუ იმ ენის საკუთარ სახელთა წარმომავლობის ეტიმოლოგიის დადგენა და შესაბამისი ანალიზი. დიდ ხორანიაში მცხოვრებთა შორის არის სახელები, რომლებიც მხოლოდ ქართველს შეიძლება რქმეოდა, ასეთებია მაგალითად: შოთა, აღდგომელ (აღდგომას დაბადებული), ქიკა (ქრისტეს შემოკლებული მოფერებითი ვარიანტი), მახარებელ (სახელს არქმევდნენ ისეთ ახალშობილს, რომლის დაბადებაც განსაკუთრებით უხაროდათ), შეწირულა (არქმევდნენ ისეთ ახალშობილს, რომელსაც დაბადებიდანვე სწირავდნენ საღვთო საქმისთვის), მაცხონა (ახალშობილს, რომლის დაბადებაც განსაკუთრებით უხაროდათ და უკავშირდებოდა ცხონება სიტყვას). მაცხონა და შეწირულა ანთროპონიმთა ზმნურ ფორმებს მიეკუთვნება, რომლებიც შედარებით იშვიათად გვხვდება, ხოლო მახარებელი მოქმედებითი გვარის ზმნის მიმღეობაა, ბატატა (ბატიას მოფერებითი ფორმა), ვათია ვახტანგის მოფერებითი ვარიანტები, კნინობითი ფორმებია ვათია და ვატია. ქართველი უნდა იყოს დოლენჯი, რადგან ამ სახელიდან ნაწარმოებია ცნობილი ქართველი გვარები - დოლენჯიშვილი და დოლენჯაშვილი. ამ სახელთაგან დიდხორანიაში მცხოვრებთა სახელებისგან შემდეგში მივიღეთ ცნობილი ქართული გვარები: შოთაძე, აღდგომელაძე, ჩალაბაძე, ჩალაბაშვილი, ქიტოშვილი, მაცხონაშვილი, ამირადან გვაქვს გვარი ამირიძე. ძალიან საინტერესოა სახელი გოგიჩა, გოგის -ჩა სუფიქსით ნაწარმოები მოფერებითი ვარიანტი, რომლისგანაც მიღებულია გვარი გოგოჩაიშვილი. ერთი და იმავე სახელის მქონე ადამიანებს სეხნებს//სეხნიებს ეძახდნენ, ხოლო დიდ ხორანიაში მცხოვრებთა სეხნა იყო მურადისძე. საინტერესოა სახელი ყაყულა, რომლისგანაც მივიღეთ შემდეგ გვარი ყაყულაშვილი, ყაყუნაშვილი. დიდ ხორანიაში ცხოვრობდა სომხური ეთნოსის წარმომადგენლები: კერაკოპი, ხაჩატური. აშკარაა, რომ უკვე შემოსულია ახალი არაბულ-ოსმალური სახელები, რომელთაც არქმევენ როგორც ქართველები, ისე სომხები, მაგალითად, მახარებელი არის იმარინდოსძე, ბუნებრივია, რომ იმარინდო ქართველია და მახარებელის მამაა, ასევე ქართველია ფირინდაკა, რადგან მის მამას ჰქვია გოგიჩა, ასევე ქართველია მურადი, რომელსაც თავისი შვილისთვის სეხნა დაურქმევია, ხოლო სეხნას ჰყავს ძმა აბისონ, ბუნებრივია, ისიც ქართველია. ცნობილია ქართული სახელი გულია, რომელიც გულიდან მოდის და -ია დაბოლოებითაა ნაწარმოები. მისგან არის ნაწარმოები ცნობილი გვარი გულიაშვილი, გულიას ჰყავს შვილი ამირა, რომელიც ამირანის შემოკლებული ვარიანტია. შემოსულია ისეთი აღმოსავლური სახელები, როგორიცაა: ჯიჰანშა, სალუყაზან, ემირგულ და სხვა, რომლებიც შეიძლებოდა დარქმეოდა ქართველ ბავშვებს. რაც შეეხება პატარა ხორანიას, აქ 1595 წელს 2 ოჯახი ცხოვრობდა, ოჯახის უფროსები მამა-შვილი იყო, ერთს ერქვა გოგიჩა, მეორეს - ქაქუჩა. ექსპედიციამ ხორენიებში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მდინარის სახელი არის თავფარავნისწყალი და არა ფარავანი, რადგან მას ადგილობრივნი თაფარვანს უწოდებენ. სოფლის სახელად საჭიროა აღდგეს მისი ისტორიული სახელი ხორანია.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი