განძანი

ნათესაობითი ბრუნვა:

განძანის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Gandzani

Name / Имя / İsim / Անուն:

Gandzani/Gandzani/Գանձանի

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი განძანი

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

განძანი მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ფარავნის ტბის სამხრეთით, მდინარე თავფარავნისწყლის ორივე ნაპირზე. განძა-ნ-ი ფორმაში -ნ არის მრავლობითი რიცხვის მაწარმოებელი სუფიქსი და მიუთითებდა ორი განძის არსებობაზე, რომლებიც მდინარის ორივე ნაპირზე მდებარეობდა. XVI საუკუნის ბოლოს, როდესაც სოფელი მოსახლეობისგან დაცლილი იყო, ოსმალებმა იგი მაინც აღწერეს და შეუნარჩუნეს -ნ მრავლობითი რიცხვის ნიშანი. მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის 30-იან წლებში აქ ჩამოასახლეს სომეხი მიგრანტები, ახალმოსახლეებმა განძანს -ნ სუფიქსი ჩამოაცილეს და დარჩა განძა. გარკვეულწილად ამ ფორმის დამკვიდრებაში თავისი როლი ითამაშა იმ ფაქტორმა, რომ ერთი სოფელიღა იყო დარჩენილი. მიუხედავად ამისა, მართებულად მიგვაჩნია სოფლის სახელში -ნ-ს შენარჩუნება, რადგან ეს არის სოფლის ისტორიის განუყოფელი ნაწილი. ტოპონიმიაში გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გაურკვეველი ხდება ის მოტივაცია, რის გამოც ადგილს შეერქმევა ესა თუ ის სახელი, ბუნდოვანდება გამორჩევითობის პრინციპი, მაგრამ სახელი მაინც უცვლელი რჩება, მაგალითად, სოფლის სახელი მუხრანი მიღებულია მუხათა სიმრავლის შედეგად, სოფელი გამორჩეული უნდა ყოფილიყო მუხის ხეებით, დღეს მუხები სოფელში აღარ არის, მაგრამ სახელი შენარჩუნებულია. ასევე რცხილის არსებობის გამო შეერქვა ცხინვალს სახელი. დღეს რცხილების სიმრავლით ქალაქი ცხინვალი აღარ გამოირჩევა, მაგრამ სახელი იგივე დარჩა. ასევე ქართლში არის ნასოფლარი რკონი და რკონის სამონასტრო კომპლექსი. სახელში -ნ აღნიშნავს მრავლობით რიცხვს და აქ რკოთა სიმრავლეზე მიუთითებს. დღეს ეს სიმრავლე აღარ გამოიხატება რეალურად, თუმცა -ნ სუფიქსის არსებობა ფორმაში აუცილებელია. სოფელ განძანის დღევანდელი მოსახლეობა მოსულია არზრუმის სოფელ კრჯნგოდ//კრჯნგოცდან და ყარსიდან. სამეცნიერო ექსპედიციას სოფლის მოსახლეობამ ორივე ფორმა დაუდასტურა: განძანი და განძა. განძანელები ტბას ფარვანას უწოდებენ, ხოლო მდინარეს - თაფარვანას. სოფელში XIII და XVI საუკუნეებში აგებული ორი ქართული ეკლესიაა ორ-ორი წარწერით. არის 1859-1861 წლებში აშენებული სურფ კარაპეტის სახელობის სომხური ეკლესია.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი