ფოკანი

ნათესაობითი ბრუნვა:

ფოკანის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Pokani

Name / Имя / İsim / Անուն:

Pokani/Pokani/Փոկանի

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი ფოკა

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

ფოკანი მდებარეობს ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას. სომეხი მიგრანტები სოფელ ფოკანში ჩამოსახლებული არიან არტაანის სოფელ გელიდან. გელ თურქულად ტბას ნიშნავს და ფოკანელ ინფორმატორთა ცნობით, ისინი თურქეთში ტბის პირას ცხოვრობდნენ და აქაც ტბის პირას დასახლდნენ. მათივე ცნობით, არაქელიანები, ოვსეფიანები, მადუიანები, რომლებიც პირველად ჩამოსულან სოფელში, მეთევზეები და ხელოსნები, კერძოდ, მკალავები (კალაიჯები) ყოფილან. ფოკელები ტბას ფარვანას ეძახიან, ხოლო მდინარეს თაფარვანს. ფოკანი, როგორც განძანი, ნარიანი მრავლობითის ნიშნით არის წარმოდგენილი და სოფლის სახელის მრავლობითობა აქაც ორი სოფლის გამოა აღნიშნული. რადგან ორივე ფორმა - ფოკა და ფოკანი იხმარება საისტორიო წყაროებში, სახელის მოხმარების თვალსაზრისით უკეთესი იქნება, თუ გამოვიყენებთ ნარიანი მრავლობითის ფორმას. ფორმა ფოკანი ორი ფოკის არსებობას რომ გამოხატავს, ამიტომაც არის, რომ სახელი ნათესაობით ბრუნვაში ჩნდება თანიანი ფორმით („ლიპარიტ შეკრიბნა კახნი და მოადგა ფოკათა“). დღეისათვის მართებულად მიგვაჩნია ნარიანი ფორმის დაკანონება, მიუხედავად იმისა, რომ მრავლობითი რიცხვის ნიშანს ცვლის პირისა და რიცხვის ნიშანი -თ და ისტორიულად გვქონდა ფორმა ფოკათა. დღეს ფორმაში უნდა შენარჩუნდეს ნარი რიცხვის ნიშნად და დაერთოს ნათესაობითი ბრუნვის თანამედროვე ნიშანი და გვექნება - ფოკანის. ფოკანში დგას 1030-40-იან წლებში ბაგრატ IV-ის დროს აგებული ტაძარი, რომელიც შემკულია ქართული წარწერებით, მათში დასტურდება 9 საკუთარი სახელი, მათ შორის ბაგრატიონთა საგვარეულო სახელი ბაგრატი კურაპალატის ტიტულით. წარწერაში იგი ცოცხლად არის წარმოდგენილი. ზოგიერთი ანთროპონიმი უკვე გვარადაა ქცეული, მაგალითად მომწულისძე, წარმომავლობის სახელია ბავრელი, ასევე წარმომავლობის -არ სუფიქსით არის ნაწარმოები მწევარი და სხვა. ფოკის ტაძრის წარწერები ადასტურებს, რომ XI საუკუნეში აქ ქართველები ცხოვრობდნენ. ამასთან ერთად ფოკანში არის XI-XIII საუკუნეებში აშენებული ეკლესია, რომელიც მიგრანტმა სომხებმა სომხურ ეკლესიად გადააკეთეს XIX საუკუნეში. ამავე ტერიტორიაზე არის უძველესი ციხის ნანგრევები (ჯავახეთი, გზამკვლევი, 2000). სოფელ ფოკანში არის წმინდა ნინოს სახელობის მამათა და დედათა მონასტრები.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი