თავფარავანი

ნათესაობითი ბრუნვა:

თავფარავნის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Tavparavani

Name / Имя / İsim / Անուն:

Tavparavani/Tavparavani/Թավփարավանի

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი როდიონოვკა

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

სოფელი მდებარეობს ფარავინისტბის აღმოსავლეთ ნაპირას. მას შემდეგ, რაც ჯავახეთში ჩამოასახლეს დუხობორები, ბევრ ქართულ სოფელს შეეცვალა სახელი და რუსული სახელი დაერქვა, მათ შორისაა თავფარავანი, რომელსაც რუსებმა როდიონოვკა უწოდეს. თავფარავნის ეტიმოლოგია უკავშირდება ტბის სახელს. იგი კომპოზიტური აგებულებისაა და შედგება ორი სიტყვისგან: თავი და ფარავანი. ფარავნის ტბის გარშემო არსებულ სოფელთა შორის განსაკუთრებული ისტორიული ფუნქცია ამ სოფელს უნდა ჰქონოდა. მასზე გადიოდა ისტორიული საქარავნო გზა, რომლის მაჩვენებელიც არის სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ქარვასლის შენობა. მართალია, მას შემოცლილი აქვს პერანგი და დარჩენილია ძირითადად დუღაბი, მაგრამ აშკარაა, რომ ქარვასლა საკმაოდ მასშტაბური მოცულობისა ყოფილა. სოფელში დღევანდლამდე მოაღწია ორმა ქართულმა ეკლესიამ, რაც მიუთითებს მოსახლეობის სიმრავლესა და სოფლის განსაკუთრებულ ფუნქციაზე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ის იყო სწორედ „თავი“ სოფელი, ფარავნის „თავი“ და ეს სახელიც ამიტომ შეერქვა. დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხურ გადმოცემებსა და ლეგენდებს, განსაკუთრებით კი ბალადას თავფარავნელი ჭაბუკის შესახებ. ბალადის მიხედვით, ნათლად ჩანს სოფლის სახელი - თავფარავანი: „თავფარავნელი ჭაბუკი ასპანას ქალსა ჰქვარობდა, ზღვა ჰქონდა წინა დავალი, გასვლას შიგ არა ზარობდა“... სოფელი ასპანა სოფელ თავფარავნის მოპირდაპირედ, ტბის მეორე მხარეს მდებარე სოფელია. ამით კარგად არის შემოფარგლული ბალადის მოქმედების არეალი. მართალია, ბალადა ტბას ზღვას უწოდებს, მაგრამ ტბისა და ზღვის მონაცვლეობა ქართულ ისტორიულ ტოპონიმიაში გავრცელებულია ისევე, როგორც აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში. თავფარავნის „თავობას“ კიდევ უფრო გახაზავს ვახუშტის ცნობა, რომ ამ სოფელში „არს წყარო, რომლისა სმით, უკეთუ იყოს ვინმე მაძღარ ფრიად ანუ გაცონვილ, მოადნობს, სმითა, ვითარცა ქონს ცეცხლი“ (ვახუშტი 1973, 320). ეს წყალი დღევანდლამდე დის სოფელ თავფარავანში. როგორც ცნობილია, ჯავახეთის ტბათა უმრავლესობის სახელდება მის გვერდით მდებარე სოფელთა სახელებს უკავშირდება, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება იმითაც, რომ ფარავანს შემდეგ ეწოდა თავფარავნის ტბაც და მისგან გამომდინარე მდინარეს კი თავფარავნის წყალი ჰქვია (ბერიძე 2008, 211-217). დიდი ტრადიციისა და ისტორიის მქონე სოფლისათვის როდიონოვკის ნაცვლად მისთვის ქართული ისტორიული სახელის დაბრუნებას ერთხმად დაუჭირა მხარი 2023 წლის სამეცნიერო ექსპედიციამ ჯავახეთში.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი