ორლოვკა

ნათესაობითი ბრუნვა:

ორლოვკის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Orlovka

Name / Имя / İsim / Անուն:

Orlovka/Orlovka/Օրլովկա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი ორლოვკა

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

ორლოვკა მდებარეობს მდ. ბუღდაშენის მარცხენა ნაპირას. სახელი მოტანილია დუხობორების მიერ, რომლებიც აქ დასახლდნენ 1841 წელს, რასაც ღაღადებს სოფელ ორლოვკის ტერიტორიაზე კალმიკოვების სასაფლაოს შესასვლელში ჩატანებული დაფა. „`Вечная память правидных радителии именнованных духобурцевь погребенныхъ и поклоняемых отцу и сыну и святому духу спасали и спасаиммь души сваи кротастию и смирениемъ любовью правды ради было угодно богу и государю собрати нась на обитаваннаю землю втавричиска губернью въ 1805 году а въ 1841 году пиреселены Закавъказъ Кутаиской губернии силения Тирпении и хто сию повисть чувъстваить не долженъ потериять сие дело“. როგორც წარწერიდან ჩანს, 1841 წელს დოხუბორები ჩასახლებულან სოფელ ტერპენიეში. „მოხუცების მტკიცებით გასული საუკუნის 70-იან წლებში (იგულისხმება მე-19 ს.- მ. ბერიძე) ყოფილა ვინმე ოფიცერი ორლოვი, რომლის სახელიც ძალად დაურქმევიათ ტერპენიესათვის. საუკუნის ბოლოს რუსულ რუკებზე სოფლის ორივე სახელია მითითებული, ოღონდ მთავარ სახელად უკვე ორლოვკაა, ხოლო ტერპენიე მიწერილი აქვს ფრჩხილებში. ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით გამოსული რუკა კი 1930 წელს მხოლოდ ორლოვკას იცნობს უკვე“ (ბერიძე, 2008, 297). თავისთავად რუსი ოფიცრის სახელის დარქმევა სოფლისთვის მოულოდნელი არ არის, მაგრამ, რადგან არსებობდა ორლოვი გუბენიის ცენტრად, საიდანაც გადმოასახლეს დუხობორები, შეიძლება ითქვას, რომ ოფიცრის სახელის პარალელურად გარკვეული როლი ითამაშა გუბერნიის სახელის ხსოვნამაც. სოფელ ორლოვკის სახელი ადგილობრივთა ზეპირ მეტყველებაში გამოითქმის არლოვკად ისევე, როგორც გორელოვკის მაგივრად ამბობენ გარელოვკას, ბოგდანოვკის ნაცვლად - ბაგდანოვკას. მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო დუხობორთა მიგრაცია ჯავახეთიდან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან. სოფელ ორლოვკიდან დუხობორთა ბოლო ოჯახი 1994 წელს წავიდა, ხოლო სამი ოჯახი დარჩა და ისინი დღესაც ცხოვრობენ სოფელში. დღეისათვის სოფელში არის ქართული და სომხური სკოლები. სოფლის სიახლოვეს არის ტბა ახმაზი, რომლის ნაპირზეც აშკარად ემჩნევა ნასოფლარი. რადგან ტბები, როგორც წესი, იწოდებოდნენ მის გვერდზე არსებული სოფლის სახელით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნასოფლარს ახმაზი ერქვა. ნასოფლარი ვრცელია და ალბათ აქედან წაღებული ქვებით აშენდა ზოგიერთი სახლი სოფელ ორლოვკაში. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახმაზი არის ღრმა ტბა და მასში ბანაობა აკრძალულია, რადგან შუაგულში იქმნება ერთგვარი მორევი და ითრევს ადამიანს. თუ შეიძლება ვიფიქროთ ორლოვკის წინარე სახელზე, შესაძლოა ამ ტერიტორიაზე არსებობდა სწორედ სოფელი ახმაზი, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ ასეთი სოფელი არ დასტურდება. არსებობს მოსაზრება, რომ ორლოვკას ადრე ახმა ერქვა: „... დუხაბორებს ახასიათებს გეოგრაფიული სახელების შეცვლის ტენდენციები (ბოგდანოვკა - ხოჯაბეგ, სპასკოე-ყარაღალა, არლოვკა- ახმა, გორელოვკა-ბუღდაშენი, როდიონოვკა- ფარავანი, ტამბოვკა - ჩაჩკა)“ (ბერძენიშვილი 1964, 68) ამავე აზრისაა თ. ჩიქოვანი (ჯავახეთი 1982, 18). ახმა მიიჩნეულია სოფლის სახელად სამცხე-ჯავახეთის ცნობარის მიხედვითაც (ცნობარი 2016, 180), თუმცა ამავე სოფლის ავტორები ორლოვკის ქართულ სახელად ასახელებენ მამისსოფელს. ერთი რამ აშკარაა, რომ ტბისა და სოფლის სახელი ემთხვევა ერთმანეთს, მათ შორის მხოლოდ ერთი „ზ“ ბგერაა სხვაობა. ამიტომ შეიძლება გარკვეული კავშირი ვიგულისხმოთ ახმაზსა და ახმას შორის, რომ ჩამოცილებულია „ზ“ ან დამატებულია შემდგომში.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი