პუბლიკანი

ნათესაობითი ბრუნვა:

პუბლიკანის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Publikani

Name / Имя / İsim / Անուն:

Publikani/Publikani/Պուբլիկանի

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი ვლადიმოროვკა, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

ფარავნისტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირას მდებარეობს ვლადიმიროვკა, სადაც ახლა მხოლოდ სომხური მოსახლეობაა და რომელშიც მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ცხოვრობდნენ დუხობორები. ვლადიმიროვკა უშუალოდ ესაზღვრება ფარავნისტბას და შემთხვევითი არ არის, რომ სოფლის მოსახლეობა მეთევზეობით ირჩენს თავს. ვლადიმიროვკის დასავლეთით, ოდნავ მოშორებით არის ნასოფლარი პუბლიკანი, რომელიც სხვადასხვა სახელით მოიხსენიება: ბობლიკან, პუბლიკანი, ბუბლიკამი, პოლპიკანი, პუპლიკანი (ჯიქია 1958, 351). დღევანდელი მოსახლეობა ადგილს მოიხსენიებს პუბლიკანის ფორმით. ნ. ბერძენიშვილის ცნობა, რომ პუბლიკანს დაარქვეს ვლადიმიროვკა, მხოლოდ შემდეგი პირობით არის მისაღები: „უფრო სწორად, სოფელი ნასოფლარის წინ, ფარავანის ტბასთან უფრო ახლოს გააშენეს ნასოფლარიდან მოტანილი ქვებით (ბერძენიშვილი, 1964, 68). ექსპედიციის მსვლელობის დროს ეს აზრი დაადასტურა ადგილობრივმა ინფორმატორმა მელ მალოიანმა, დაბ. (1963 წ.). ასე რომ, ჩვენ ვლადიმიროვკა პუბლიკანის სახელმონაცვლედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ნიშანდობლივია, რომ ვლადიმიროვკაში მიუთითებენ ნაციხარს, რომელსაც მატრიოშკინა ჰქვია (ბერიძე, 2008, 299). სადღაც ამ მიდამოებში, ტამბოვკასა და ვლადიმიროვკას შორის უნდა ყოფილიყო ნასოფლარი მახაროვანი, რომელიც გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში დადასტურებულია მახარო ფორმით (ჯიქია, 1941, 234) სოფლის სახელი მახაროვანი ფორმით დადასტურებულია მელქისედეკ კათალიკოსის 1020 წლის სიგელში (ჯიქია, 1958, 350), ასევე ვახუშტის ატლასსა და description- სადმი დართულ რუკაზე ფარავნის ტბის თითქმის შუა წელთან, მის დასავლეთ სანაპიროზე ფიქსირებულია პუნქტი მახარა ფორმით (ჯიქია, 350). მახაროვანის გარშემოა მაშინდელი ნასოფლარები: ფარვანა, შაორი, ასფარა. ეს ის გარემოცვაა, რომელიც ფარავნისტბას ერტყმის გარშემო. ამავე ნასოფლარებშია მოხსენიებული განძანი, ფოკანი. როგორც ჩანს, მე-16 საუკუნეში გაუკაცრიელებული სოფლები, როგორც ნასოფლარები და როგორც ტოპონიმები, არსებობს და მოაღწიეს მათ მე-19 საუკუნემდე და მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ ხდება დასახლება. ერთი რამ აშკარაა, რომ, თუ ქართულ სახელზეა საუბარი, ვლადიმიროვკას შეიძლება ეწოდოს მხოლოდ პუბლიკანი, რაც ექსპედიციის პერიოდში დაადასტურეს ინფორმატორებმა. მახაროვანი ცალკე გეოგრაფიული პუნქტი იყო, რომელიც საქართველოს ისტორიაში არის ცნობილი მახარა და მახარო ფორმით. ამოსავალია საკუთარი სახელი მახარა, მახარე. ეს სახელები გავრცელებული იყო ფართოდ სამხრეთ საქართველოში. მათგან არის ნაწარმოები გვარები: მახარაშვილი, მახარაძე და ა. შ. ასევე არის მიღებული -ოვან სუფიქსის დართვით მახაროვანი ისე, როგორც ბაგრატისგან ბაგრატოვანი. სოფლის სახელის ვარიანტულობა მახარო, მახარა, მახაროვანი გამოწვეულია მისი ლიტერატურული და ხალხური ვარიანტების სიმრავლით.

უკატეგორიო მუნიციპალიტეტი სოფლები ნასოფლარები ციხეები მთები ტბები მდინარეები ტაძრები ქალაქები