ასპანა

ნათესაობითი ბრუნვა:

ასპანის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Aspana

Name / Имя / İsim / Անուն:

Aspana/Aspana/Ասպանա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი ასფარა, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს დღეს უკვე ნასოფლარი ასპანა. ტბის პირას კონცხივით შემაღლებულ ადგილზე არის ძველი ქართული ნაეკლესიარი. სოფელი დღეისათვის ქცეულია ნასოფლარად. მისთვის ნიშანდობლივია დაცარიელებული, კარებ და ფანჯრებშეხსნილი სახლები. სოფლის ოფიციალური სახელია ასფარა. გარდა ასფარისა სოფლის სახელად დასტურდება სხვა ვარიანტები: ასპარა, ასპანა, ასპინძა, გასპარა. სახელები ძირითადად დასტურდება „თავფარავნელი ჭაბუკის“ სხვადასხვა ვარიანტში, რაც „ალბათ იმით აიხსნება, რომ ლექსს დიდი გავრცელება ჰქონდა საქართველოში და ამგვარი დამახინჯებები და ცვლილებები ხდებოდა იმ წრეებში, რომლებიც ვერ იცნობდნენ ფარავნისტბისპირა სოფელთა გეოგრაფიულ განლაგებულობასა და ნომენკლატურას“ (ჯიქია 1958, 352). სოფლის სახელის სხვადასხვა ვარიანტიდან ამოსავალ ფორმად მივიჩნევთ ასპანას, რადგან ასპანა იხმარება ხალხური ლექსის ძირითად ვარიანტში (ექ. თაყაიშვილი, მ. ჩიქოვანი, ვ. კოტეტიშვილი). ასპანა მრავალგზის იხსენიება „ქართლის ცხოვრებაში“ და ყველგან იგულისხმება ისპაჰანი. ასპან ფუძე აშკარად ადამიანის საკუთარ სახელს უნდა აღნიშნავდეს. ასპანასთან უნდა იყოს დაკავშირებული გეოგრაფიული სახელი ასპანაური და მესხეთში გავრცელებული გვარი ასპანიძე. ასპანაურში გამოიყოფა -ურ სუფიქსი ისევე, როგორც სხვა ადგილის სახელებში: აბჯარა - აბჯარა-ულ-ი, ბაბილა-ა ბაბილა-ურ-ი; ინასა - ინასა-ურ-ი; კაკნია - კაკნია-ურ-ი ნამნია - ნამნია-ურ-ი, ქარჩხა - ქარჩხა-ურ-ი, ყადრა - ყადრა-ულ-ი; ძისა - ძისა-ურ-ი ; ჭიკა - ჭიკა-ურ-ი. ნასოფლარის სახელ ასპანაში გამოიყოფა ასპან ფუძე, ხოლო -ა არის ტოპონიმთა მაწარმოებელი. სოფელთა განლაგება კარგად არის ასახული ბალადაში, რომ თავფარავნელი ჭაბუკი ასპანას ქალს ჰყვარობდა. თავფარავანი და ასპანა ფარავნის ტბის აღმოსავლეთით და დასავლეთით, გაღმა-გამოღმა მდებარე სოფლებია. ასპანა ის სოფელია, სადაც თავფარავნელ ჭაბუკს თავისი შეყვარებული ეგულებოდა. ქალი ვაჟისთვის ანთებდა სანთელს, რომ ღამის წყვდიადში გზა გაენათებინა. ქალ-ვაჟის სიყვარულს გადაეღობა ავსული ბებერი, რომელმაც ჩააქრო სანთელი, რამაც ვაჟის დაღუპვა გამოიწვია. ამ ტიპის ლეგენდებისა და გადმოცემების სამყაროში ცხოვრობდა ეს ორი სოფელი საუკუნეთა განმავლობაში. ქართული ბალადის სიუჟეტი გამოიყენა ოვანეს თუმანიანმა თავის პოემისთვის.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი