ჭაჭკა

ნათესაობითი ბრუნვა:

ჭაჭკის

ლათინური ტრანსკრიფტი:

tchatchka

Name / Имя / İsim / Անուն:

Chachka/Çaçka/Ճաճկա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი ტამბოვკა, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

ფარავნისტბის პირას სოფელი ჭაჭკა მდებარეობს. მის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირზე ჩამოედინება პატარა მდინარე ჩაშკა, იგივე ჭაჭკა//ჭაჭკისწყალი, რომელიც სათავეს იღებს ორმოციწყაროდან და ერთვის ფარავნისტბას. ეს პატარა მდინარე და მასზე გადებული ბოგირი არის საზღვარი ტამბოვკასა და ახალხულგუმოს შორის. ჭაჭკა ძველი ქართული სახელია, რომელმაც რუსულ გარემოში მოგვცა ჩაშკა, როგორც უკვე ითქვა, ამ ადგილს დუხობორების მოსვლის შემდეგ დაერქვა ტამბოვკა. ჭაჭკა უნდა იყოს სამცხის, კერძოდ, ასპინძის მუნიციპალიტეტის ჭაჭკარის მარცვალმოკვეცილი ვარიანტი, ე. ი. ჭაჭკა მიღებულია ჭაჭკარიდან, რაც ქვის კარს ნიშნავს. ისევე როგორც დილისკარმა მოგვცა დილისკა, კვარშავმა მოგვცა კვარშა, ყურშავმა მოგვცა ყურშა და სხვა. ახალიხულგუმოს მოსახლეობა გადმოვიდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოდან 1925 წელს და ამიტომ შეერქვა ეს სახელი. ჩაშკას//ჭაჭკას (ტამბოვკას) და ახალხულგუმოს თავს დასცქერის შაორისმთა და სამსრისქედები, წითელიმთა და შავიმთა. ტამბოვკა დუხობორების მიერ მოტანილი სახელია. ტამბოვო იყო გუბერნია, საიდანაც გადმოსახლდნენ დუხობორები და გაჩნდა ჯავახეთში გუბერნიის სეხნია ტოპონიმი, ხოლო თავფარავნის ნაპირზე 1925 წელს ხულგუმოდან გადმოსახლდნენ ტამბოვკაში სომხები და თანდათან შემცირდა რუსული მოსახლეობა. ახალმა მოსულებმა მოიტანეს სახელი და ახალიხულგუმო უწოდეს. ასე რომ, მალე, ალბათ, დღეს რომ პარალელურ ფორმად იხმარება ახალიხულგუმო, ეს უკანასკნელი დარჩება სოფლის სახელად, რადგან რუსული სახელი რუსულ მოსახლეობას გულისხმობს. ეს სოციალური ფაქტორი განაპირობებს „ახალიხულგუმოს“ „გამარჯვებას“ (ბერიძე, 2008, 297). ჯავახეთის დუხუბორთა დასახლებების რუსული სახელები, როგორც წესი к(а) სუფიქსით ბოლოვდება, ამიტომაც ტამბოვი იქცა ტამბოვკად. მართლაც, დღეისათვის ტამბოვკაში მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს დუხობორებისა, კერძოდ, ლუბოვ კაზაკოვა, ხოლო ტამბოვკასა და ახალხულგუმოში ერთად არის 36 ოჯახი. ახალიხულგუმოს მოსახლეობას ახსოვს თავისი ქართული წარმომავლობა.„ .. რუსობის დროს ველის სოფლიდგან მთელი კათოლიკე ველელები გარდმოსახდნენ ახალქალაქის მაზრაში და დასახლდნენ სოფლებში კარტიკამს, ბავრას, ხულგუმოს და სხვ“ (ნებიერიძე, 1948, 21) მოვიყვანთ ამონაწერს სერგი ჯიქიას 1933 წლის ექსპედიციის დღიურიდან:„აქ ცხოვრებენ ე. წ. კათოლიკეები, რომლებიც შინ და გარეთ თურქულად ლაპარაკობენ. ი. ნებიერიძის მოწმობით ისინი ველიდან არიან გადმოსახლებული და ქართველები უნდა იყვნენ „...1925 წელს ხულგუმოდან აქ გადმოსახლებულან ეს თურქულად მოლაპარაკე მოსახლეობა (28 ოჯახი). ახალი სოფლისათვის დაურქმევიათ ახალი ხულგუმო“ (ჯიქია, 1958, 319). სოფელ ბავრაში ყოფნის დროს, იმავე 1933 წელს სერგი ჯიქია წერს, რომ „მოსახლეობა - ნაწილი თურქულენოვანი კათოლიკე ქართველები, ნაწილი სომხურენოვანი კათოლიკე სომხები. პირველები ამბობენ, არტაანიდან ვართო, მეორენი არზრუმიდან “ (ჯიქია,1958, 331). ამ ორ პატარა დასახლებას, ახალხულგუმოსა და ტამბოვკას, ანუ ჭაჭკას, რომელიც შუაზე მდინარე ჭაჭკისწყლით არის გაყოფილი, აქვს ერთი სკოლა. სავარაუდოდ, ისინი გაერთიანდება და სწორი იქნება სახელად დარჩეს ახალიხულგუმო, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ორივე სოფელი ცალ-ცალკეა შეტანილი.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი