ახალიხულგუმო

ნათესაობითი ბრუნვა:

ახალიხულგუმოს

ლათინური ტრანსკრიფტი:

Akhalikhulgumo

Name / Имя / İsim / Անուն:

Akhalikhulgumo/Akhalikhulgumo/Ախալիխուլգումո

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი ახალი ხულგუმო, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

სოფელი ახალიხულგუმო მდებარეობს ფარავნის ტბის ჩრდილოეთით. პატარა მდინარე ჩაშკა იგივე ჭაჭკა//ჭაჭკისწყალი, რომელიც სათავეს იღებს ორმოციწყაროდან და ერთვის ფარავნისტბას და მასზე გადებული ბოგირი არის საზღვარი ტამბოვკასა და ახალ ხულგუმოს შორის. ახალი ხულგუმოს მოსახლეობა გადმოვიდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოდან 1925 წელს და ამიტომ შეერქვა ეს სახელი. ჩაშკას//ჭაჭკას (ტამბოვკას) და ახალ ხულგუმოს თავს დასცქერის შაორისმთა და სამსრისქედები, წითელიმთა და შავიმთა. ტამბოვკა დუხობორების მიერ მოტანილი სახელია. ტამბოვი იყო გუბერნია, საიდანაც გადმოსახლდნენ დუხობორები და გაჩნდა ჯავახეთში გუბერნიის სეხნია ტოპონიმი, ხოლო ფარავნისტბის ნაპირზე 1925 წელს ხულგუმოდან გადმოსახლდნენ ტამბოვკაში სომხები და თანდათან შემცირდა რუსული მოსახლეობა. ახალმა მოსულებმა მოიტანეს სახელი და ახალიხულგუმო უწოდეს. ასე, რომ მალე ალბათ, დღეს რომ პარალელურ ფორმად იხმარება ახალიხულგუმო, ეს უკანასკნელი დარჩება სოფლის სახელად, რადგან რუსული სახელი რუსულ მოსახლეობას გულისხმობს. ეს სოციალური ფაქტორი განაპირობებს „ახალიხულგუმოს“ „გამარჯვებას“ (ბერიძე, 2008, 297). ჯავახეთის დუხუბორთა დასახლებების რუსული სახელები, როგორც წესი к(а), სუფიქსით ბოლოვდება, ამიტომაც ტამბოვი იქცა ტამბოვკად. მართლაც, დღეისათვის ტამბოვკაში მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს დუხობორებისა, კერძოდ, ლუბოვ კაზაკოვა, ხოლო ტამბოვკასა და ახალხულგუმოში ერთად არის 36 ოჯახი. ახალიხულგუმოს მოსახლეობას ახსოვს თავისი ქართული წარმომავლობა.„ .. რუსობის დროს ველის სოფლიდგან მთელი კათოლიკე ველელები გარდმოსახდნენ ახალქალაქის მაზრაში და დასახლდნენ სოფლებში კარტიკამს, ბავრას, ხულგუმოს და სხვ“ (ნებიერიძე, 1948, 21) მოვიყვანთ ამონაწერს სერგი ჯიქიას 1933 წლის ექსპედიციის დღიურიდან:„აქ ცხოვრებენ ე. წ. კათოლიკეები, რომლებიც შინ და გარეთ თურქულად ლაპარაკობენ. ი. ნებიერიძის მოწმობით ისინი ველიდან არიან გადმოსახლებული და ქართველები უნდა იყვნენ „...1925 წელს ხულგუმოდან აქ გადმოსახლებულან ეს თურქულად მოლაპარაკე მოსახლეობა (28 ოჯახი). ახალი სოფლისათვის დაურქმევიათ ახალი ხულგუმო“ (ჯიქია, 1958, 319). სოფელ ბავრაში ყოფნის დროს, იმავე 1933 წელს სერგი ჯიქია წერს, რომ „მოსახლეობა - ნაწილი თურქულენოვანი კათოლიკე ქართველები, ნაწილი სომხურენოვანი კათოლიკე სომხები. პირველები ამბობენ, არტაანიდან ვართო, მეორენი არზრუმიდან “ (ჯიქია,1958, 331). ამ ორ პატარა დასახლებას, ახალხულგუმოსა და ტამბოვკას, ანუ ჭაჭკას, რომელიც შუაზე მდინარე ჭაჭკისწყლით არის გაყოფილი, აქვს ერთი სკოლა. სავარაუდოდ, ისინი გაერთიანდება და სწორი იქნება სახელად დარჩეს ახალიხულგუმო, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ორივე სოფელი ცალ-ცალკეა შეტანილი.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი