ელიაწმინდა

ნათესაობითი ბრუნვა:

ელიაწმინდის

ლათინური ტრანსკრიფტი:

Eliatsminda

Name / Имя / İsim / Անուն:

Eliatsminda/Eliatsminda/Էլիածմինդա

მდებარეობა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

მოკლე აღწერა:

ამჟამინდელი სახელი ჟდანოვი, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

ცნობები ადგილის შესახებ (სამეცნიერო, ხალხური):

სოფელი მდებარეობს მადის (მადათაფის) ტბის სამხრეთ ნაპირას, 1939 წლამდე ატარებდა კომუნისტური სახელმწიფო და პარტიული მუშაკის ნიკოლაი ეჟოვის სახელს და ერქვა ეჟოვაკანი, ხოლო მოგვიანებით დაერქვა ასევე სახელმწიფო და პარტიული მუშაკის ანდრეი ჟდანოვის სახელი. მოსახლეობა მოსულია არტანიიდან, აზრუმიდან, ყარსიდან, ხოლო ნაწილი გადმოსახლებულა ეშტიიდან. დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებაში პოსტსაბჭოთა ქვეყნები გამოვიდნენ კომუნისტური სივრციდან, უარი თქვეს რევოლუციონერთა, პარტიულ მუშაკთა სახელებზე, რომელიც ერქვა სოფლებს ან ქალაქებს. საქართველოს მასშტაბით ბევრი იყო ამ ტიპის მიძღვნითი სახელები. კერძოდ: ორჯონიკიძე, ცხაკაია, ლენინგორი, გეგეჭკორი, წულუკიძე, მახარაძე და სხვა. საზოგადოებამ სრული შეგნებით თქვა უარი სოფელთა ამ ტიპის სახელებზე. ასე არ მოხდა მხოლოდ საქართველოში. ცნობილი ფაქტია, თვითონ რუსეთში ლენინგრადს დაუბრუნეს ისტორიული სახელი, სომხეთში ლენინაკანს დაუბრუნეს თავისი სახელი და სხვა. შემთხვევითი არ არის, რომ ჯავახეთის ამ ერთი პატარა სოფლის სახელდებაში ორი ცნობილი რუსი რევოლუციონერის სახელი დომინირებს. როგორც ვნახეთ, სოფელს ჯერ ეჟოვაკანი ერქვა, ხოლო შემდეგ ჟდანოვი უწოდეს. ეს ფაქტი ანარეკლია იმ შიდა პარტიული დაპირისპირებისა და ბრძოლისა, რომელიც თან ახლდა კომუნისტურ პერიოდს. მიძღვნითი რევოლუციური სახელები დაცლილია ისტორიული და რელიგიური შინაარსისაგან, რადგან ის ადამიანები, ვის სახელებსაც არქმევდნენ ათეისტები იყვნენ, ამიტომ დღეისათვის, როდესაც ისტორიული სახელი ან ახალი სახელი ერქმევა ამა თუ იმ ადგილს, ბუნებრივია, რომ სჭარბობს რელიგიური სემანტიკა. თვითონ მუნიციპალიტეტის ცენტრი - ნინოწმინდა, სამება და ა. შ. ადამიანებს სულიერება მოენატრათ. ვფიქრობთ, აუცილებელია სასწრაფოდ შეიცვალოს ჯდანოვი და სოფელს დაერქვას ელიაწმინდა. წმინდა ელია, რომელიც წარმართული პერიოდიდან გადმოვიდა ქრისტიანობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წმინდანია კავკასიაში. ამავე მიდამოებში იყო მთა ელიაწმინდა, ელიას კულტი ყოველთვის იყო პოპულარული ჯავახეთში, რადგან ბუნების, ამინდის სიმკაცრისა და ცვალებადობის ფონზე წმინდა ელიას შესთხოვდა მოსახლეობა დახმარებას, როგორც ქართველები, ისე სომხები. ეს არის 2023 წლის ექსპედიციის წევრთა საერთო აზრი, რომელსაც გარკვეული ისტორიული საფუძვლებიც აქვს: „იმ ადგილს გასული საუკუნის რუკებზე დასახლება არ ჩანს. არც 1930 წლის რუკაზეა, თუმცა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში შეტანილია ელიავაკანი, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობა არ არის აღნიშნული და გრაფები ცარიელია დატოვებული... ამ ადგილას გაჩენილა დასახლება, რომელსაც ეჟოვაკანი რქმევია (ეჟოვის პატივსაცემად), 1939 წელს შეეცვალა ეს სახელი და ჟდანოვი დაერქვა (ხარაძე, 154). ცნობილია, რომ ელიავაკანიც პარტიული მოღვაწის ელიავას სახელთან არის დაკავშირებული. ამგვარად, როდესაც მხარს ვუჭერთ ელიაწმინდას, ეს არავითარ კავშირში არ არის რევოლუციონერის გვართან. როგორც უკვე ითქვა, სოფლის სიახლოვეს არის ელიასმთა, სამცხეში არის სოფელი ელიაწმინდა, ანდრიაწმინდასთან ახლოს არის წმინდა ელიასმთა და ა.შ. ამიტომ სრული უფლება გვაქვს, მხარი დავუჭიროთ სოფლის სახელად ელიაწმინდას.

სხვა კატეგორიები მუნიციპალიტეტი სოფელი ნასოფლარი ციხე მთა ტბა მდინარე ტაძარი ქალაქი