16 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება. ტრადიციულად, ღონისძიების დასაწყისში ყვავილებით შეიმკო გრ. ხანძთელისა და ივ. ჯავახიშვილის ძეგლები, შემდეგ კი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში შეიკრიბა. სახელმწიფო ჰიმნის მოსმენის შემდეგ სტუდენტებს, განსაკუთრებით კი პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და სასწავლო პროცესების 29-ედ განახლება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ბერიძემ და ღონისძიების წაყვანაც მანვე ითავა.
არ დაირღვა ტრადიცია და ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს მიულოცა უნივერსიტეტის დამაარსებელმა და პირველმა რექტორმა აწ უკვე პრორექტორმა სამეცნიერო დარგში პროფესორმა მერაბ ბერიძემ . ხაზგასასმელია, რომ 16 სექტემბერსვე გაიხსნა ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ი, რომელშიც მრავალფეროვანი პროგრამითაა ჩართული სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის პროგრამა გააცნო პროფესორმა მერაბ ბერიძემ.
ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს ასევე მიულოცა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა მირზა ბურძენიძემ, წარმატებულმა კურსდამთავრებულმა ვახტანგ თაქთაქიძემ და პირველკურსელმა ნინო სტანჩიკოვამ.
ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ პირველკურსელი სტუდენტები გადანაწილდნენ მიმართულებების მიხედვით და გააგრძელეს მუშაობა კვირის სამუშაო პროგრამის მიხედვით, რომელიც მათ უნივერსიტეტმა მოუმზადა.