18 დეკემბერს სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შედგა სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულთან ზურაბ მაღრაძესთან. იგი გახლავთ ბიზნესის მართვის დოქტორი, კრედო ბანკის ტრენერი, აგროპორტალ kalo.ge-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე რეალობაში აგრობიზნესის წარმატება შეუძლებელია ციფრული კომუნიკაციის გარეშე. ხელმიუწვდომლობა ახალ ტექნოლოგიებსა და აგროტექნიკაზე, მეურნეთა არაეფექტური კავშირები ბაზარზე მცირედი ჩამონათვალია იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დგას დღეს ფერმერი საქართველოში. შრომის ნაყოფიერების, მოსავლიანობისა და პროდუქტიულობის დაბალი მაჩვენებლების გამო ფერმერები ვერ ახერხებენ კვლავწარმოებასა და კაპიტალის დაგროვებას. ამ გამოწვევების გასამკლავებლად პარტნიორმა ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა შექმნეს აგროპორტალი kalo.ge. გასაღების ბაზრის მიგნებისათვის აგროპორტალი თითოეული მომხმარებლისთვის გახდება გზამკვლევი და შესაბამისად ისინი წარმოებასა და მომსახურებას წარმართავენ უფრო მიზნობრივად, თავისუფლად და საბოლოო სარგებლის მისაღებად.
ბატონმა ზურაბმა გააკეთა აგროპორტალის პრეზენტაცია, რამაც გამოიწვია დიდი ინტერესი. შეხვედრამ საინტერესოდ და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.