15, 16 და 17 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო საორიენტაციო შეხვედრები პირველკურსელებისთვის ახალი 2020-2021 აკადემიური წლის აღსანიშნად.
ოთხივე ფაკულტეტის პირველკურსელები გაეცნენ უნივერსიტეტის ცხოვრებას, სტუდენტურ სერვისებს, სასწავლო მართვის სისტემას (მუდლს) და სხვა სიახლეებს. საორიენტაციო შეხვედრების ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის INTEGRITY-ის გუნდმა სტუდენტებს გააცნო აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები, პლაგიატისგან თავის არიდების გზები და „თურნითინის“ დანიშნულება.
საორიენტაციო შეხვედრები აკადემიური კეთილსინდისიერების თემაზე უკვე დამკვიდრდა როგორც ტრადიცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ყველა პირველკურსელი ეცნობა პროექტ INTEGRITY-ს, პლაგიატს და მისგან თავის არიდების გზებს.
ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტი INTEGRITY არის პირველი ეროვნული პროექტი საქართველოში, რომლის მიზანია საუნივერსიტეტო საზოგადოებაში აკადემიური კეთილსინდისიერების დამკვირდების ხელშეწყობა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონსორციუმის ერთ-ერთი წევრია.