22 ივლისს, ვაკის მედიათეკაში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ წამოწყებულ და დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტს მოეწერა ხელი.
ღონისძიებაზე გპფ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. ამ მიზნის მისაღწევად გპფ მზადაა სტიპენდიებით წაახალისოს სამი უნივერსიტეტის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი-ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყანის საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს გააძლიერებს.
მიმდინარე წლიდან სტიპენდიები გამოიყოფა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში ახორციელებენ სამეცნიერო საქმიანობას.
ფონდის შესახებ:
ფონდმა აქტიური საქმიანობა 2017 წელს დაიწყო და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას, განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ფონდი მოწოდებულია საკუთარი საქმიანობით დაგანათლების სექტორში ინვესტირებით შეიქმნას საზოგადოებრივი და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება.
დაფუძნების დღიდან ფონდმა დააფინანსა და მხარი დაუჭირა განათების სფეროში მოღვაწე არაკომერციული ორგანიზაციების მხრიდან წამოსული არაერთი ინიციატივა და პროექტი, სადაც პრიორიტეტულია ისეთი მიმართულებები როგორიცაა: მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და პრესტიჟის ამაღლება.