სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში უნივერსიტეტი) განვითარების გზა და მიღწევები იქმნებოდა მისი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ჩამოყალიბებიდან 30 წლის განმავლობაში. სტუდენტები, კურსდამთავრებულები, თანამშრომლები და საუნივერსიტეტო საზოგადოება ამაყობს იმ მიღწევებითა და შედეგებით, რომელიც სამცხე-ჯავახეთში უმაღლესი საგანმანათლებლო კერის ჩამოყალიბებამ განაპირობა. დღეს სამხრეთ საქართველოში საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართული მხარეების თანამშრომლობით შექმნილია სამეცნიერო კვლევის, უმაღლესი, პროფესიული განათლებისა და უწყვეტი განათლების ერთიანი სივრცე.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ერთ-ერთი მზარდი და პროგრესზე ორიენტირებული რეგიონული უნივერსიტეტია. მაღალია საზოგადოების მოლოდინი უნივერსიტეტის მიმართ. მას ენდობა მხარის მულტიეთნიკური მოსახლეობა. მისი დანიშნულებაა საზოგადოების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის ხელის შეწყობა.
სსიპ- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1990 წელს დაარსდა, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი, თავიდანვე ფართო გეგმებს ისახავდა მიზნად. მისი შექმნა განაპირობა აღმავალი ეროვნული მოძრაობის საფუძველზე ჩამოყალიბებულმა საერთო საზოგადოებრივმა აზრმა.
სხვადასხვა დროს თსუ ახლციხის ფილიალს ერქვა მესხეთის ფილიალი, ახალციხის ინსტიტუტი, სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტი და 2014 წლიდან გახდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. განვლილი პერიოდის განმავლობაში ახალციხეში საუნივერსიტეტო ცხოვრება სამხრეთ საქართველოს განუყოფელ ნაწილად იქცა, ამიტომ უდავოა, რომ უნივერსიტეტის განვითარება პრინციპულია რეგიონისათვის და, საერთოდ, ჩვენი ქვეყნისათვის.
თსუ ახალციხის ფილილის შექმნა განპირობებული იყო რეგიონის განვითარების, ახალგაზრდობის ადგილზე დაკავებისა და იმ დემოგრაფიული დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რომელიც წარმოიქმნა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ამ კუთხეში. ახალციხის ფილიალმა გაუძლო დროის გამოცდას მაშინ, როდესაც მასთან ერთად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა კიდევ შვიდმა საგანმანათლებლო ერთეულმა შეწყვიტა არსებობა. 2002 წელს ახალციხის ფილიალის წარმატებულმა საქმიანობამ განაპირობა ახალქალაქში უმაღლესი დაწესებულების ჩამოყალიბება.
მეოცე საუკუნის ბოლოს თსუ ახალციხის ფილიალში 3 000-მდე სტუდენტი სწავლობდა, მათ შორის იყვნენ სტუდენტები ჯავახეთიდან. ფილიალი თავიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სომხურ მოსახლეობასთან ურთიერთობას. 1995 წლიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა, რომ გახსნილიყო ქართული უმაღლესი სასწავლებელი ჯავახეთში. დაიწყო აქტიური თანამშრომლობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის ხელმძღვანელობასთან, საზოგადოებასთან, რომლის საფუძველზე 2002 წელს თსუ-ს დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა თსუ ჯავახეთის ფილიალი. ახალქალაქში უმაღლესი სასწავლებლის გახსნა განსაზღვრა მესხეთის ფილიალმა, როგორც კადრების თვალსაზრისით, ისე ფსიქოლოგიურ-მორალურად. ჯავახეთის ფილიალის უმთავრესი დანიშნულება იყო ქართულ-სომხური პედაგოგიური კადრების მომზადება და ეკონომიკური განათლება. იყო პერსპექტივა სოფლის მეურნეობის მიმართულებით განვითარებისა, ამასთანვე იგი უნდა ქცეულიყო ბილინგვური სწავლების მომზადებისა და განვითარების ცენტრად. ორი საგანმანათლებლო, საუნივერსიტეტო დაწესებულების შექმნა იყო დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის №416 დადგენილენით ჩატარდა რეორგანიზაცია და ამ ორი დაწესებულების ადგილზე შეიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი განთავსდა 70 კმ-ით დაშორებულ ორ ქალაქში, რაც მისი ცხოვრების და არსებობის სპეციფიკას განსაზღვრავს.
2013 წელს დღის წესრიგში დადგა საკითხი სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით. 2014 წელს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც სასწავლო უნივერსიტეტმა შეიცვალა სტატუსი, გახდა სამსაფეხურიანი უმაღლესი დაწესებულება და იქცა სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად.
უნივერსიტეტში ამ ფაქტმა ბევრ სიახლეს დაუდო სათავე. სამცხე-ჯავახეთში საუნივერსიტეტო განათლება დღეს უკვე რეალობაა. შეიქმნა საუნივერსიტეტო ინტელიგენცია, რომლის სერიოზულ ნაწილს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ. საზოგადოება ჩვეულებრივ ამბად აღიქვამს ამ მოვლენას. მოსახლეობას უნივერსიტეტის იმედი აქვს, ენდობა მას.