მასტერკლას/ტრენინგები ვეტერინარიის მიმართულებით

2024 წლის 22-25 დეკემბერს  ვეტერინარიის მიმართულებით უცხოელი  პროფესორ-მკვლევარების მიერ  აკადემიური, მოწვეული პერსონალისა და სტუდენტებისათვის  ჩატარდა მასტერკლას/ტრენინგები ახლად შეძენილი სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენებასთან დაკავშირებით.

მასტერკლასი და ტრენინგების მიზანი იყო ვეტერინარიის მიმართულებით სწავლებაში ახალი ინოვაციური მეთოდების შემოტანა, რომელიც უკავშირდება აუდიტორიულ სწავლებაში სიმულატორებისა და მულიაჟების გამოყენებას და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური (OSCE) და ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული (OSPE) მეთოდების დანერგვას, სტუდენტზე ორიენტირებული ვირტუალური გარემოს შექმნას. აღნიშნული საშუალებას იძლევა ვეტერინარიის მიმართულებით შემუშავდეს პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, მოხდეს  სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზაცია, რომელიც მიმართული იქნება მაღალი კომპენტენციის მქონე, შიდა და საგარეო შრომის ბაზარის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი ვეტერინარიის მაგისტრისა და მკვლევარის მომზადებისაკენ, შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებაზე და ვეტერინარ სპეციალისტებზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის დეფიციტის აღმოფხვრა/შენარჩუნებაზე. ასევე, სხვადასხვა სახის სიმულატორებისა და მულიაჟების გამოყენება საშუალებას მოგვცემს სწავლების პროცესში მაქსიმალურად შევამციროთ, ზოგიერთ შემთხვევაში კი თავიდან ავიცილოთ ცოცხალ ცხოველებზე სწავლებისათვის აუცილებელი სხვადასხვა მანიპულაციების განხორციელება და მოსალოდნელი სტრესული რეაქციები, რაც ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.