მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019 გაიხსნა

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა არქეოლოგიური მასალის გამოფენის გახსნით. მისასალმებელი სიტყვით ფესტივალი გახსნა სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა მაკა ბერიძემ.
ფესტივალში სჯუნის მონაწილეობისა და საფესტივალო პროგრამის შესახებ დამსწრეთ მიმართა სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში-ბატონმა მერაბ ბერიძემ. მან გახსნა გამოფენა, რომელიც მოიცავს შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში ჩატარებული სტუდენტური ექსპედიციის შედეგად მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალას.
სტუდენტებმა, უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებმა და სტუმრებმა დაათვალიერეს გამოფენა. ისინი გაეცვნენ ინფორმაციას გამოფენილი მასალის შესახებ: ექსპედიციას, რომელიც არქეოლოგიის დამატებითი პროგრამის სტუდენტებმა მოაწყვეს ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი თამარ მათიაშვილი. არქეოლოგიური მასალა მოგროვდა სამ ობიექტზე. ესენია:
1. თმოგვი- წმ. მარინეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აიკრიფა ზედაპირულად გვიანი შუასაუკუნეების მასალა, მათ შორის სქელკეციანი, ქუსლიანი ჯამის და ცისფრად მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები;
2. ახჩიის გადასახედი, სადაც ჯერ კიდევ ბატონ ოთარ ღამბაშიძის დროს ტარდებოდა ყორღანების გათხრები. აქაც ასევე ზედაპირულად აიკრიფა ყორღანული სამარხებისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ესაა ჭურჭლის ნაწილები შავად ნაპრიალები ზედაპირით, შემკულია კოპებით, ამოღარული სამკუთხედებით, კონცენტრული ხაზებით, კომბინირებული ორნამენტებით. ეს ფრაგმენტები ძვ. წ.აღრიცხვის მე-16 საუკუნის II ნახევრითაა დათარიღებული.
3. სარო-აქაურმა მოსახლემ სტუდენტებს გადასცა თავის საკარმიდამოში აღმოჩენილი სავარაუდოდ სამარხეული კომპლექსი: ხელადა, ღიაფრად გამომწვარი, ქოთანი, მძივი( მინის პასტისებური) და საყურეები. ეს ნივთები თარიღდება ძვ. წ.აღრიცხვით IV-III საუკუნეებით.
მოპოვებული მასალა კამერალურად დაამუშავეს სტუდენტებმა და ნაწილი გამოიფინა უნივერსიტეტის მუზეუმში. გამოფენა გასტანს 30 სექტემბრამდე. მისი დათვალიერება ჩართულია პირველკურსელთა კვირეულის ყველა ფაკულტეტის პროგრამაში.