სტაჟირების პროგრამა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, „1+4 პროგრამით” მოსარგებლე პირებისათვის

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია, რომელსაც შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი ელისო ლომიძე გაუძღვა. შეხვედრა განკუთვნილი იყო ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, „1+4 პროგრამით” მოსარგებლე პირებისათვის. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ პროექტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სტაჟირების პროცესში, კონკურსის საფუძველზე, 8 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან. განაცხადების მიღება 22 ოქტომბრამდე გასტანს. 2018 წლის შემოდგომის მიღებისათვის ვაკანტური 500 ადგილია. დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე უნდა იხილონ.
სპეციალურად შექმნილი კომისია სტაჟიორებს შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით შეარჩევს. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გაივლიან.