ტრენინგები კიბერუსაფრთხოების მიმართულებით

სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან შემოვიდა კორესპონდენცია, რომლის თანახმადაც სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, კერძოდ, კი ტრენინგკურსებს: „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“, „სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი“ და „ეთიკური ჰაკერების პრაქტიკული კურსი.“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სწორედ ამიტომ, ტრენინგკურსში ქალთა, ეთნიკურ უმცირესობათა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტის ფარგლებში უფასოდ ჩაუტარებს ტრენინგებს ზემოაღნიშნულ სამიზნე ჯგუფებს. ტრენინგების განმავლობაში ასევე უზრუნველყოფილი იქნება მათი კამპუსზე ცხოვრება. ტრენინგ პროგრამები ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით. ტრენინგკურსები შემუშავებულია დარგის ქართველი და გერმანელი ექსპერტებისა და კომპიუტერული მეცნიერების პროფესორების მიერ. წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ KIU-ს სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულები მიიღებენ საგამოცდო ვაუჩერს EC-Council-ის საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად. EC-Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაცია და საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში. უნივერსიტეტი იმუშავებს კურსის მონაწილეების დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებითაც, უზრუნველყოფს მათ დაკავშირებას პოტენციურ დამსაქმებლებთან და ხელს შეუწყობს მათი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას.
სწავლება განხორციელდება ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ. კურსები ჩატარდება 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში. ტრენი ნგების სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური ენები. ტრენინგში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://cutt.ly/Non-Degree-Programs 

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი: ლიკა კილაძე, KIU კიბერუსაფრთხოების შეფასებისა და სწავლების კონსულტანტი,

ტელ.: +995 591 17 17 71, ელ.ფოსტა: [email protected]